CIF-ის გრანტით დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავდა ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროგრამებში. პროექტი განხორციელდა შვედეთის აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორობით და მოიცავდა სამი განსხვავებული ტიპის შეხვედრას.
მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ფორმატში ისეთ თემებზე, როგორიცაა: დრონები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოინფორმატიკა, ჭკვიანი გრინჰაუსები და დიგიტალური მეღვინეობა.
ტრენინგების დასკვნით ეტაპზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური ბანაკი. პროექტის ფარგლებში სრულად დაფინანსდა 12 სხვადასხვა ქართული და ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტების ტრანსპორტირება, განთავსება და კვება.
ხუთდღიანი ბანაკის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს თეორიული ლექციები და ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაოებში, რის შემდეგაც თითოეულ მათგანს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
MedHackathon-ი სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ორდღიანი ჰაკათონი იყო, რომელსაც წინ უძღოდა სამდღიანი ონლაინ ტრენინგები ლიდერობის, ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროექტის მიზანი იყო ინოვაციური აზროვნების განვითარება და რეალური სამედიცინო გამოწვევების გადაჭრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
მოსწავლეები გუნდებში მუშაობდნენ დიაგნოსტიკის, მედიკამენტების კონტროლისა და პაციენტთა მონაცემების ანალიზის მიმართულებებზე, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების მენტორობით.
2025 წელს ალტე უნივერსიტეტმა უმასპინძლა NASA Space Apps Challenge-ის ზუგდიდის ლოკალურ ჰაკათონს და ღონისძიების ლოკალური ლიდერის როლი შეასრულა. უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ქუდის ქვეშ, სრულად იყო პასუხისმგებელი ჰაკათონის ორგანიზებაზე, კოორდინაციასა და საერთაშორისო ფორმატთან შესაბამისობაზე.
ჰაკათონის ფარგლებში ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა იმუშავეს NASA-ს მიერ მოწოდებულ რეალურ მონაცემებზე და შექმნეს ინოვაციური იდეები ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიზისა და მეცნიერების მიმართულებით.
ალტე უნივერსიტეტის ჩართულობა მიზნად ისახავდა STEM სფეროს პოპულარიზაციას, ადგილობრივი ნიჭების გამოვლენასა და ზუგდიდის რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის გააქტიურებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი პროექტები წარედგინათ საერთაშორისო პლატფორმაზე და გლობალური კონკურსის პროცესში ჩართულიყვნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი „Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა. მათი პროექტი „Sateliko“ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 11,500-ზე მეტი ინიციატივიდან შეირჩა და Commercializing Low Earth Orbit (LEO) გამოწვევის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის ლექტორების მენტორობით შეიქმნა. პროექტი წარმოადგენს დისტანციურ ავტომატიზებულ სახელოსნოს, რომელიც ხელახლა გამოყენებადი ნანო-თანამგზავრების წარმოებასა და დაბალი ორბიტის კვლევას რაკეტის გაშვების გარეშე უზრუნველყოფს.
არდუინო ჰაკათონი 11–12 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ორდღიანი საგანმანათლებლო კურსი იყო, რომელიც ელექტრონიკას, პროგრამირებასა და ინოვაციური პრობლემების გადაჭრას მოიცავდა.
პროექტის მიზანი იყო STEM მიმართულებების პოპულარიზაცია და ინჟინერიული აზროვნების განვითარება. მოსწავლეები გუნდებში მუშაობდნენ იდეებზე, კოდსა და პროტოტიპებზე.
ლექციები ჩაუტარეს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც შემდგომ მენტორებად მუშაობდნენ. გამარჯვებული გუნდი „Walle“ გახდა და მიიღო ფულადი პრიზი იდეის განსახორციელებლად.
„ხელოვნური ინტელექტი სკოლებში“ ალტე უნივერსიტეტის IT სკოლისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომელიც სკოლის პედაგოგების გადამზადებას ემსახურება ხელოვნური ინტელექტის ეფექტური გამოყენების მიმართულებით.
- 2023 - „ჩინო“
„ჩინო“ ალტე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ეკომეგობრული განმავითარებელი სათამაშოების სტარტაპია. პროექტის მიზანია მშობლების ინფორმირება თამაშის როლზე ბავშვის განვითარებაში და ისეთი სათამაშოების შექმნა, რომლებიც სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს.
- 2022 - Start-up ზაფხული
„Start-up ზაფხული“ ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ინიციატივაა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, მენტორული შეხვედრები და ინოვაციური აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
- 2022 - თამაშოპოლია
„თამაშოპოლია“ ერთთვიანი საგანმანათლებლო პროგრამაა თამაშების დიზაინის მიმართულებით, რომელიც ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა GITA-სთან თანამშრომლობით განახორციელა.
პროგრამა ეფუძნებოდა სამაგიდო თამაშების შექმნის პრინციპებს და მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას, შეექმნათ საკუთარი ინტელექტუალური თამაში - იდეიდან პროტოტიპამდე.
ერთთვიანი ინტენსიური კურსის შედეგად 20 მონაწილემ შექმნა 5 თამაში, რომლებიც დემო დღეზე წარადგინეს.
სასკოლო Start-up მარათონი ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ყოველწლიური ინიციატივაა. პროექტის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინოვაციური start-up იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა.
პროექტში მონაწილეობდა 1000-მდე მოსწავლე და იგი განხორციელდა TBC ბანკთან, GITA-სთან და Entrepreneur Georgia-სთან პარტნიორობით.
- 2021 - Moitane.ge
Moitane.ge არის ციფრული პლატფორმა (ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია), რომელიც მომხმარებლებს შეძენილი პროდუქტების სწრაფი მიტანის სერვისს სთავაზობს. სტარტაპი შეიქმნა ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მხარდაჭერით, ხოლო საწყის ეტაპზე გუნდს სამუშაო სივრცეც დაეთმო.
