ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სასწავლო ტური გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსსა და ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარდა.
პროექტის „გამოცადე ექიმობა“ ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მედიცინის პროგრამის შესახებ, შეხვდნენ მედიცინის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლებს, გაეცნენ სასწავლო პროცესის თავისებურებებს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.
ტურის ფარგლებში, აბიტურიენტებმა დაათვალიერეს ალტე უნივერსიტეტის თანამედროვე სიმულაციური ცენტრები და ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ და კლინიკურ უნარებს ეუფლებიან.
სასწავლო ტურის მეორე ეტაპი მოიცავდა ვიზიტს ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც მონაწილეები წამყვანი ექიმების ხელმძღვანელობით გაეცნენ რეალურ სამედიცინო ქეისებს, კლინიკურ გარემოსა და სამედიცინო პრაქტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს.
ღონისძიების დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.



