20 დეკემბერს, „ალტე უნივერსიტეტში“ სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (CoLE) მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიმართა თემაზე: „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის ტრანსფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“.
ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოსა და სამართლისა და ეკონომიკის ცენტრს შორის, რომელიც მიზნად ისახავს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას, პროექტებისა და სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, აკადემიური პერსონალი და საკითხით დაინტერესებული აკადემიური წრის წარმომადგენლები.
სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი (CoLE) „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მიერ საუნივერსიტეტო ბაზაზე ერთობლივად დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ პირებს შორის ინტენსიური დიალოგის სტიმულირებას, სამართლებრივ-ეკონომიკური საკითხების ექსპერტიზასა და კვლევის შედეგების პრაქტიკაში ინკორპორირებას.

