ალტე უნივერსიტეტში ახალი პროექტი „სტუდენტური კომუნიკაციის წარმომადგენლები“ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას, სტუდენტების ხმის გაძლიერებასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სტუდენტები უნივერსიტეტის განვითარების პროცესის აქტიური მონაწილეები იქნებიან.
პროექტი შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაცია SPARQS-ის (Student Partnerships in Quality Scotland) მოდელის საფუძველზე. SPARQS (Student Partnerships in Quality Scotland) შოტლანდიური ორგანიზაციაა, რომელიც უნივერსიტეტებში სტუდენტური ჩართულობისა და სტუდენტების ხმის გაძლიერებაზე მუშაობს. ორგანიზაციის მიდგომა ეფუძნება სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პარტნიორულ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს უფრო ეფექტური კომუნიკაციის, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერისა და განათლების ხარისხის განვითარების პროცესში სტუდენტების აქტიური მონაწილეობის გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში პირველი საორიენტაციო შეხვედრა 15 მაისს გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტებს მიესალმა ირმა გრძელიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საკითხებისა და კვლევის მიმართულებით, რომელმაც სტუდენტის ხმის მნიშვნელობაზე, სტუდენტების უნივერსიტეტის მართვის პროცესებში ჩართულობასა და პროექტის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტური გამოცდილების მართვის დეპარტამენტისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა Eve Lewis-მა (ორგანიზაცია SPARQS-ის (Student Partnerships in Quality Scotland) დირექტორი), რომელმაც სტუდენტებთან ხარისხის განვითარებაში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შოტლანდიური გამოცდილება გააზიარა.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის 20 მაისს თიმბილდინგ აქტივობაც გაიმართა, რომლის მიზანი მონაწილეებს შორის უკეთესი კომუნიკაციისა და გუნდური თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.აქტივობა ჩაატარა მარიკა ნებიერიძემ(ბიზნეს ტრენერი/L&D კონსულტანტი. ასისტენტ პროფესორი-ალტე უნივერსიტეტში). აქტივობის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, რაც მომავალში ეფექტურ კოლაბორაციასა და პროექტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
პროექტი მიმდინარე სემესტრში საპილოტე რეჟიმში მედიცინის საერთაშორისო სკოლასა და ბიზნესის სკოლაში განხორციელდა, ხოლო მომავალი სემესტრიდან მასში უნივერსიტეტის ყველა სკოლა ჩაერთვება.


