მდგრადი განვითარების ოლიმპიადა არის გლობალური სტუდენტური შეჯიბრი, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტებს, სტუდენტებს და პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან მდგრადი განვითარების ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად. 2026 წელს გლობალური ფინალი გაიმართება ჟენევაში (შვეიცარია) 6–9 ნოემბერს.
ალტე უნივერსიტეტი 2026 წელს საქართველოში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადის ლოკალური ეტაპის მასპინძელია. ოლიმპიადა წარმოადგენს საერთაშორისო სტუდენტურ შეჯიბრს, რომელიც მთელი მსოფლიოდან აერთიანებს ახალგაზრდებს მდგრადი განვითარების გამოწვევებზე ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. მონაწილეებმა უნდა ჩამოაყალიბონ 2-3 წევრისგან შემდგარი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც მინიმუმ ერთი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება.
ლოკალური ეტაპის გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება:
- წარადგინოს ალტე უნივერსიტეტი ევროპის რეგიონალურ ნახევარფინალში, კოპენჰაგენში (დანია);
- იასპარეზოს საერთაშორისო ფინალში, რომელიც 2026 წლის 6–9 ნოემბერს, ჟენევის უნივერსიტეტში (შვეიცარია) გაიმართება;
- მიიღოს ალტე უნივერსიტეტის მიერ დაწესებული 1000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო.
2026 წლის 16 ივნისს, ალტე უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები: სტუდენტური კვლევა და ინოვაცია“, რომელიც SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადის ლოკალური კონკურსის საწყის ეტაპს წარმოადგენს.
კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდება SDG Solutions – Idea Generation Workshop, სადაც მონაწილეები გუნდებად იმუშავებენ მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) დაფუძნებული ინოვაციური იდეებისა და პროექტების განვითარებაზე. სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობა როგორც უკვე ჩამოყალიბებული გუნდებით, ასევე ახალი გუნდების ფორმატში.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, გუნდები გააგრძელებენ მუშაობას საკუთარ პროექტებზე. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ WiP (Work-in-Progress) მენტორინგ სესიაში, სადაც მიიღებენ ექსპერტულ რეკომენდაციებს იდეების შემდგომი დახვეწისა და განვითარების მიზნით.
2026 წლის ივლისში გაიმართება Pitching Presentation, რომლის ფარგლებში გუნდები საკუთარ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. შეფასების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც ალტე უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ეტაპებზე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ივნისი, 2026.

