ნანა მჭედლიძე არის სამართლის მაგისტრი (თსუ), სამართლის მაგისტრი საერთაშორისო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა სამართალში (ვორვიკის უნივერსიტეტი) და საერთაშორისო და ევროპულ სამართალში (უტრეხტის უნივერსიტეტი). მისი დისერტაცია ეხება საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას.
მას აქვს როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ვრცელი გამოცდილება. 1998-2001 წლებში, მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (ბოლო ფუნქცია - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობა). 2001-2007 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (ბოლო თანამდებობა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი). 2008-2012 წლებში, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში ექსპერტად. 2012-2016 წლებში, მუშაობდა აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტად, 2017-2020 წლებში, ევროკავშირის საერთაშორისო კონსორციუმის European Profiles S.A. ექსპერტად. 2020 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ სტრატეგიული სამართალწარმოების ექსპერტი.
2001 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, საქართველოსა და საზღვარგარეთ, ადამიანის უფლებებში ტრენინგებს უტარებს, მათ შორის, იურისტებს, ჟურნალისტებს და ექიმებს. ის არის ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი. არის 50-მდე ნაშრომის (სახელმძღვანელოები, სტატიები და კვლევები) ავტორი.
2020 წლიდან არის ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი. თავდაპირველად იყო მოწვეული ლექტორი, შემდეგ სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2024 წლიდან – სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი.