Flag 0Flag 1
logo

აპრილი 14, 2025

კარიერული განვითარების ბანაკი წარმატებით დასრულდა

ტრადიციად ქცეული, ყოველწლიური კარიერული განვითარების ბანაკი -  “Career Hunter Camp 2025“, რომელიც ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, წარმატებით დასრულდა. 

 

ბანაკში მონაწილეობის მსურველი 600 აპლიკანტიდან, 50 აბიტურიენტი შეირჩა, რომლებმაც Buckswood-ის კამპუსში დაუვიწყარი სამი დღე გაატარეს. 

 

ბანაკის პირველი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა გაცნობითი აქტივობებით, რომლის დახმარებით ბავშვებმა უკეთ შეძლეს ერთმანეთის გაცნობა და დამეგობრება. დღის მთავარი მოვლენა იყო ინსპირაციის პანელი - "მოძებნე შენი გზა", რომლის ფარგლებშიც ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილმა და სადაზღვევო კომპანია ირაოს HR მენეჯერმა, ნინი ბიკაშვილმა აბიტურიენტებს გაუზიარეს დასაქმების ბაზრის თანამედროვე ტენდენციები და ისაუბრეს მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. დღის ბოლოს აბიტურიენტები მათთვის საინტერესო პროფესიების გუნდებში გადანაწილდნენ.

 

ბანაკის მეორე დღეს მოსწავლეები შეხვდნენ ალტე უნივერსიტეტის სკოლის დეკანებსა და პროგრამის ხელმძღვანელებს, რომლებმაც აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო პროფესიები გააცნეს. მენტორებმა ისაუბრეს კარიერული განვითარების გზაზე, რომელიც მათ წინ ელოდებათ, რათა პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ასევე, გააცნეს დასაქმების პერსპექტივები და განიხილეს, თუ რა უნარებია საჭირო  ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად. ბანაკის მენეჯერმა, მურო თაკალანძემ აბიტურიენტებს პროფესიის შერჩევისა და კარიერის დაგეგმვის 10 ეფექტური სტრატეგია გაუზიარა.

 

ბანაკის მეორე დღე ასევე მოიცავდა სახალისო აქტივობებს და თამაშებს. მოსწავლეებმა ითამაშეს “კარიერული საგანძურის მაძიებლების” თამაში, ამოხსნეს გუნდური ქეისები, რომლებიც ასევე მათ სამომავლო პროფესიებთან იყო დაკავშირებული. დღის ბოლოს, გუნდებმა დაიწყეს ფინალურ პროექტებზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, მათ მოამზადეს პრეზენტაციები თავიანთი მომავალი პროფესიების შესახებ.

 

Career Hunter Camp-ის მესამე დღეს გუნდებმა თავიანთ მომავალ პროფესიებზე პრეზენტაციები წარადგინეს და ამომწურავად ისაუბრეს კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო უნარებზე, აკადემიური განვითარების გზასა თუ კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე. რაც მთავარია, ამ ყველაფრის უფრო კრეატიული გზით წარმოჩენაც შეძლეს - ვებ-გვერდის შექმნით, ანიმაციის აწყობითა თუ ფილმის გადაღებით. პრეზენტაციების შემდეგ აბიტურიენტებს ჟიურის წევრებმა სიტყვით მიმართეს და ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად წარმატებები უსურვეს.

 

საპრიზო ადგილები, რამდენიმე ქულის სხვაობით, ასე გადანაწილდა:

  • ბიზნესის ადმინისტრირების გუნდი;
  • სამართლის გუნდი;
  • კომპიუტერული მეცნიერებების გუნდი.

 

გამარჯვებული გუნდის წევრებს ალტე უნივერსიტეტისგან 1000 ლარის ოდენობის სასწავლო გრანტი გადაეცათ.

 

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკი მომავალ წელსაც დაბრუნდება და მოსწავლეებს კიდევ მისცემს შესაძლებლობას აღმოაჩინონ საკუთარი პროფესია.