ალტე უნივერსიტეტში 2026 წლის 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართა International Staff Week 2026, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუმრები ლატვიიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან და უზბეკეთიდან.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე უმაღლესი განათლების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: რეიტინგებისა და თვითშეფასების ინსტრუმენტების როლი ინსტიტუციურ განვითარებაში, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრების საერთაშორისო მნიშვნელობა, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, კვლევითი კულტურის განვითარება და კვლევების ინტერნაციონალიზაციის ევროპული პერსპექტივები. სამუშაო შეხვედრებს ალტე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ჩაერთნენ სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში, დაესწრნენ ქართული ენისა და კულტურის ვორკშოპს, ასევე მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
International Staff Week 2026 მინი გამოფენით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
ღონისძიებამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა გაეღრმავებინათ პარტნიორული ურთიერთობები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებასა და განათლების სფეროში ინოვაციების დანერგვას.



