Flag 0Flag 1
logo

ეროვნული გამოცდები: რა ნაბიჯები უნდა გადადგა სასურველ სკოლასა თუ ფაკულტეტზე მოსახვედრად

ეროვნული გამოცდები ის გამოცდილებაა, რომელსაც ბევრი აბიტურიენტი ერთდროულად მოუთმენლად ელოდება და თან უფრთხის. ეს ბუნებრივია, რადგან საკუთარი მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საგამოცდო სეზონის შედეგებზეა დამოკიდებული. 
 

წარმატებას მხოლოდ ცოდნა არ განსაზღვრავს, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეარჩევ საგნებს, როგორ გადაანაწილებ მოსამზადებელ პერიოდს და როგორ მოიქცევი უშუალოდ გამოცდის დღეს. ამ ბლოგში სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ და „ალტე უნივერსიტეტი“ გაგიზიარებს იმ ინფორმაციას, რომელიც პროცესს შენთვის უფრო გასაგებს გახდის.
 

დაიწყე პროგრამის შერჩევით და შემდეგ დააზუსტე საგნები
 

აბიტურიენტების დიდი ნაწილი მომზადებას საგნების შერჩევით იწყებს, ანუ ჯერ წყვეტს, რა ჩააბაროს და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობს, თუ რომელ საბაკალავრო პროგრამაზე სურს სწავლის გაგრძელება. მსგავსი თანმიმდევრობა ხშირად ხდება შეცდომების მიზეზი, ვინაიდან საგნების კომბინაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებთან.

 

უნივერსიტეტში აბიტურიენტები ძირითადად სამი საგნის მიხედვით ირიცხებიან. გამონაკლისია სამედიცინო მიმართულება, სადაც ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ასევე სახელოვნებო-შემოქმედებითი პროგრამები, რომლებსაც შიდა კონკურსიც ემატება. 

 

შესაბამისად, საგნების მონიშვნამდე აუცილებელია კონკრეტულ პროგრამებს წინასწარ გაეცნო. მაგალითად, თუ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით ხარ დაინტერესებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაარკვიო, რომელ მესამე საგანს ითხოვს „ალტე უნივერსიტეტი“ და რა მნიშვნელობა ენიჭება მას. 
 

სწორად განსაზღვრე პრიორიტეტები რეიტინგული სიის შედგენისას
 

რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალს, რაც იმ პროგრამების თანმიმდევრულ სიას გულისხმობს, სადაც მას სწავლის გაგრძელება სურს. 
 

ეს საკითხი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა სიას თანმიმდევრულად ამოწმებს. მაგალითად, თუ პრიორიტეტულია სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ის აუცილებლად სიის დასაწყისში უნდა მოხვდეს, რათა ქულების შესაბამისად, პირველ რიგში, ეს არჩევანი განიხილოს სისტემამ.
 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეგიძლია. თუ გამოცდის შედეგები მოლოდინებს შეგიცვლის, სიის გადახედვის შესაძლებლობა კვლავ გექნება. თუმცა, კონკრეტული ვადები ყოველწლიურად იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან შეგიძლია. 
 

გადაანაწილე გამოცდებისთვის მოსამზადებელი პერიოდი საგნების სირთულის მიხედვით
 

მოსამზადებელი პერიოდი ყველა აბიტურიენტისთვის ინდივიდუალურია. ზოგისთვის ექვსი თვე საკმარისია, ზოგს კი მთელი წელი სჭირდება. თუმცა, მომზადების ხანგრძლივობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ნაწილდება დრო საგნებზე.

 

პირველ რიგში, უნდა შეაფასო რომელ საგანში გჭირდება ყველაზე მეტი მეცადინეობა. მაგალითად, სწავლის გაგრძელებას თუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე გეგმავ, მათემატიკაში მომზადებას განსაკუთრებული დრო უნდა დაუთმო, რადგან ამ სფეროში ტექნიკური საგნების ცოდნა მნიშვნელოვანია. ამის პარალელურად, არ უგულებელყო ის საგნები, რომლებშიც თავს თავდაჯერებულად გრძნობ. მართალია, ასეთ დროს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ნაკლებად სათუოა, თუმცა ძირითადი აქცენტი არა მხოლოდ ბარიერის გადალახვაზე, არამედ მაქსიმალური ქულის მოპოვებაზე უნდა გააკეთო.

 

წინა წლების საგამოცდო ტესტების გარჩევა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ტესტის სტრუქტურა, დავალებების ტიპები და სირთულის დონე წლიდან წლამდე თითქმის მსგავსია, ამიტომ რეალურ ტესტებზე მუშაობა არა მხოლოდ ცოდნის შემოწმებაში, არამედ დროის მართვაშიც დაგეხმარება. 
 

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე დეტალებს
 

გამოცდის დღეს შედეგზე ხშირად ისეთი ფაქტორებიც ახდენს გავლენას, რომლებიც უშუალოდ აკადემიურ ცოდნასთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, პასუხების ფურცლის არასწორად შევსებამ ან შტრიხკოდის დაზიანებამ შესაძლოა, ნაშრომის გაუქმება გამოიწვიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა დავალება სწორად არის შესრულებული.

 

მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, ხოლო შავ ფურცელზე შესრულებული ჩანაწერები სამუშაო მასალაა. პასუხების ფურცელი არ უნდა დაიკეცოს ან დაზიანდეს. მასზე დაუშვებელია სახელის, გვარის ან ნებისმიერი სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დაწერა, რადგან მსგავსი ქმედება ნაშრომის გაუქმების საფუძველი ხდება.

 

გამოცდაზე თან უნდა იქონიო საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია შავი ფერის გელიანი კალმის (0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით) წაღებაც. 

 

მობილური ტელეფონის, ელექტრონული საათის, კალკულატორისა და ნებისმიერი სხვა ტექნიკური მოწყობილობის შეტანა მკაცრად აკრძალულია. მსგავსი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში გაფრთხილების გარეშე მოიხსნები გამოცდიდან, მიუხედავად იმისა, მოწყობილობა ჩართული გქონდა თუ არა.
 

ეცადე, შეინარჩუნო სიმშვიდე გამოცდის დღეს
 

გამოცდაზე სტრესი ბუნებრივი რეაქციაა, რომელსაც თითქმის ყველა აბიტურიენტი განიცდის. მთავარია, რომ ეს განცდა არ გადაიზარდოს პანიკაში, რომელიც აზროვნების პროცესს აფერხებს.

 

გამოცდის დაწყებისას სასურველია ტესტს სრულად გადახედო, რათა წინასწარ განსაზღვრო დავალებების ტიპები და თითოეული მათგანის შესასრულებლად სავარაუდო დრო გამოყო. არ შეჩერდე ერთ კითხვაზე ხანგრძლივად და თუ პასუხის გახსენება გირთულდება, უმჯობესია მომდევნო დავალებაზე გადახვიდე, რთულ საკითხებს კი მოგვიანებით დაუბრუნდე. 

 

გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი დარჩენილ დროს შეგახსენებს. ეს ის მომენტია, როდესაც უნდა გადაამოწმო, რომ პასუხების ფურცელზე ყველა პასუხი გადატანილია და რაიმე მნიშვნელოვანი შავ ფურცელზე არ არის დარჩენილი.
 

ყურადღებით მიჰყევი პროცედურებს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ
 

პირველ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება პირველადი შედეგები, რაც იმ ნედლ ქულებს გულისხმობს, რომლებიც ტესტებში დააგროვე. ამ დროს შეგიძლია საკუთარი პასუხების ფურცლების ნახვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ამობეჭდვა. იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ შეფასებას არ დაეთანხმები, შესაძლებლობა გაქვს, გაასაჩივრო კონკრეტულ საგანში მიღებული ქულა. აპელაციის განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსო, განხილვის ვადები კი ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

 

აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ საბოლოო შედეგების ეტაპი დგება. ამ დროს ხდება რანჟირება სკალირებული ქულების საფუძველზე და ყველა აბიტურიენტი პროგრამებზე საკონკურსო ქულის მიხედვით ნაწილდება. საკონკურსო ქულა თითოეული საგნის სკალირებული ქულის შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებითა და მათი შეჯამებით მიიღება.
 

მას შემდეგ, რაც შეიტყობ, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა სასურველ მიმართულებაზე ჩაირიცხე, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად რეგისტრაციისთვის უშუალოდ შესაბამის უნივერსიტეტს უნდა მიმართო.
 

იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგულ ჩამონათვალში „ალტე უნივერსიტეტის“ რომელიმე პროგრამის მითითება გსურს, დეტალური ინფორმაცია საგნების, კოეფიციენტებისა და მიღების პირობების შესახებ ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებგვერდის პროგრამების განყოფილებაში.

ეროვნული გამოცდები 2026ეროვნული გამოცდები: რა ნაბიჯები უნდა გადადგა სასურველ სკოლასა თუ ფაკულტეტზე მოსახვედრად