სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და გავრცელება, ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა სწავლებაში, მედიაწიგნიერება, ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა და მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა/პედაგოგიზაცია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც „ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭო“ 2024-2025 წლებში იმუშავებს და პედაგოგების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობას შეუწყობს ხელს.
„ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭო“ 18 აპრილს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი საქართველოს მასშტაბით სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერაა.
დახურული ღონისძიება ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა, შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მასწავლებელთა საბჭოს წევრები და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები – „მასწავლებლების ეროვნული ჯილდო“ და „განათლების კოალიცია“, რომლებთან თანამშრომლობის ფარგლებშიც ხორციელდება აღნიშნული ინიციატივა.
საბჭო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 13 პედაგოგს აერთიანებს. მათ შორის არიან „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ სხვადასხვა წლის ათეულის წარმომადგენლები და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი პედაგოგები საქართველოს მასშტაბით.
დაგეგმილია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დაინიცირდება პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება მასწავლებლების საქმიანობაში კონკრეტული პრობლემების აღმოჩენასა და გადაჭრისაკენ.
საპილოტე პროექტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აქვს – მის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების საჭიროებების აქტიური კვლევა განხორციელდება. პედაგოგები კი გაეცნობიან იმ ხელსაწყოებსა და რესურსებსაც, რომელთა გამოყენებით შეძლებენ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სამომავლო პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმარონ.
ალტე უნივერსიტეტი უკვე 2 წელია, აქტიურად თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან და გარდა ამისა, უნივერსიტეტი „მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს“ კამპანიის აქტიური მხარდამჭერიცაა.
2024-2025 წელს პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება.
გაეცანით edu.aris.ge - ს სტატიას ალტე უნივერსიტეტის მასწავლებელთა საბჭოს შესახებ ბმულზე.
