30 მაისს, ალტე უნივერსიტეტმა „მათემატიკური და ლოგიკური თამაშების საერთაშორისო ჩემპიონატის“ საქართველოს ფინალს უმასპინძლა.
საქართველო წელს პირველად შეუერთდა 40-წლიანი ისტორიის მქონე ჩემპიონატს, რომელიც 1986 წელს საფრანგეთის მათემატიკური თამაშების ფედერაციის (FFJM) მიერ დაფუძნდა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აერთიანებს.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია და ლოგიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს აერთიანებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა და უნარები საერთაშორისო დონეზე გამოსცადონ.
ტურნირი 8 ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს, მათ შორის ხუთ კატეგორიას სკოლის მოსწავლეებისთვის, ერთს სტუდენტებისთვის, ხოლო ორს ზრდასრული მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის.
საქართველოს ფინალისთვის 320 მონაწილე შეირჩა. ფინალური ეტაპის გამარჯვებულები საქართველოს სახელით საერთაშორისო ჩემპიონატის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 25-26 ივლისს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება.
ალტე უნივერსიტეტმა ოლიმპიადაში მონაწილე დამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს, სასწავლო გრანტები გადასცა.
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან ასოციაცია „კლუბი კომაროველი“ და „მათემატიკური და ლოგიკური თამაშების ფედერაცია“. ინიციატივა კომაროვის სკოლის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად საქართველოში ჩემპიონატის ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრებას ისახავს.



