ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკი, წელსაც მრავალფეროვანი აქტივობებით, საგანმანათლებლო გამოცდილებებითა და დაუვიწყარი ემოციებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში, შერჩეულმა აბიტურიენტებმა სამი დღე Buckswood-ის წყნეთის კამპუსში გაატარეს, სადაც პროფესიული ორიენტაციის, თვითგანვითარებისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით, სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
ბანაკის პირველ დღეს, მონაწილეები საკუთარი ინტერესებისა და სამომავლო პროფესიული მიმართულებების შესაბამისად, გუნდებში გადანაწილდნენ. დღე დაეთმო ინტერაქციულ და გასართობ აქტივობებს, რაც მონაწილეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და მეგობრული გარემოს შექმნაში დაეხმარა.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, HR აუთსორსინგული კომპანია One Point-ის კონსულტანტმა, ნანა იამანიძემ, აბიტურიენტებისთვის ჩაატარა თვითაღმოჩენის ვორკშოპი „Who Am I?“. სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს „Self Mapping“-ზე, გაეცნენ პიროვნული ტიპების ანალიზის მეთოდებს და იმსჯელეს AI-ის ეპოქაში მომავლის პროფესიებისა და კარიერული ტენდენციების შესახებ.
დღე გაგრძელდა ალტე უნივერსიტტის სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორის, სოფო კოშაძის სესიით, რომელიც შეეხებოდა ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ემოციურ კეთილდღეობას, სტრესის მართვასა და იმ გამოწვევებს, რომლებსაც ახალგაზრდები პროფესიის არჩევისა და სტუდენტური ცხოვრების პროცესში აწყდებიან.
კარიერული განვითარების ბანაკის მეორე დღე შემეცნებითი და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობებით გამოირჩეოდა. მონაწილეები შეხვდნენ ალტე უნივერსიტეტის სკოლების დეკანებს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, ჩაერთნენ თემატურ ვორკშოპებში და მიიღეს პრაქტიკული რჩევები კარიერული განვითარების მიმართულებით.
პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობაზე ბანაკის მენეჯერმა და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა, მურო თაკალანძემ ისაუბრა. ვორკშოპის - „Personal Brand Starts at 17“ - ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საკუთარი იმიჯისა და პროფესიული ბრენდის ფორმირების მნიშვნელობის შესახებ.
ალტე უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ მესტვირიშვილმა, მოსწავლეებისთვის ჩაატარა ვორკშოპი თემაზე - „პრეზენტაციის უნარები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება“. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკებსა და AI ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობებს თანამედროვე პრეზენტაციების შესაქმნელად.
დღე დასრულდა გასართობი და გუნდური აქტივობებით - „მხიარული სტარტებითა“ და „კარიერული საგანძურის მაძიებლების“ თამაშით.
ბანაკის ფინალური დღე, მონაწილეებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. გუნდებმა ჟიურის წინაშე წარადგინეს კრეატიული პრეზენტაციები, ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკასა და თანამედროვე გამოწვევებზე და განიხილეს საინტერესო პრაქტიკული ქეისები.
ქულების შეჯამების შედეგად, გამარჯვება ბიზნესის ადმინისტრირების გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის თითოეულ მონაწილეს ალტე უნივერსიტეტისგან 1000 ლარის ოდენობის სასწავლო გრანტი გადაეცა.
ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკი წელსაც საინტერესო ადამიანების, ახალი გამოცდილებების, პროფესიული აღმოჩენებისა და პოზიტიური ემოციების სივრცედ იქცა.
ალტე უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.


