Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი
logo

მაისი 14, 2026

ალტე უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრი გახდა

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის - Association of Medical Schools in Europe (AMSE) - წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევაა. აღნიშნული წევრობა ალტე უნივერსიტეტს ევროპული სამედიცინო განათლების წამყვანი ინსტიტუციების ქსელში აერთიანებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ერთგულებას საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებისა და ხარისხის უწყვეტი განვითარების მიმართ.


AMSE წარმოადგენს ევროპულ პროფესიულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სამედიცინო სკოლებსა და ფაკულტეტებს, ხელს უწყობს აკადემიური და ინსტიტუციური განვითარების პროცესებს, სამეცნიერო თანამშრომლობასა და ხარისხის მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვას. ასოციაციის წევრობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს ევროპული სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში და მონაწილეობა მიიღოს იმ სტანდარტებისა და მიდგომების ფორმირებაში, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო განათლების ხარისხს განსაზღვრავს.


AMSE-სთან თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააძლიეროს სასწავლო პროგრამების შესაბამისობა ევროპულ მოთხოვნებთან, განავითაროს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები და გააუმჯობესოს კლინიკური განათლების ხარისხი. წევრობა ასევე უზრუნველყოფს საერთაშორისო ექსპერტიზაზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და ხარისხის მართვის მექანიზმებზე მუდმივ წვდომას.


ასოციაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებაშიც. აღნიშნული სტატუსი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სკოლებთან, აკადემიურ და კვლევით ცენტრებთან, რაც მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტების, საერთაშორისო კონფერენციებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის.


AMSE-ის წევრობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის განვითარების გზაზე და ადასტურებს უნივერსიტეტის მიზანს - სტუდენტებს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სამედიცინო განათლება.


ძირითადი უპირატესობები:
 

  • საერთაშორისო აღიარება;
  • სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;
  • ხარისხის მართვისა და პროგრამების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტიზაზე წვდომა;
  • პარტნიორული კავშირების გაძლიერება ევროპულ სამედიცინო სკოლებსა და კვლევით ცენტრებთან;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საერთაშორისო კონკურენტუნარიანი აკადემიური გარემოს შექმნა.
alte-universiteti-evropis-sameditsino-skolebis-asotsiatsiis-amse-tsevri-gakhda