ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ფინანსებისა და ოპერაციების მიმართულებით, თამარ მახარაძემ, და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია მელიქიძემ, მონაწილეობა მიიღეს Athens University of Economics and Business-ის მიერ ორგანიზებულ 12th International Staff Week-ში.
კვირეული მთლიანად დაეთმო სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამუშაო გამოცდილების გაცვლას. ვიზიტის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კოლეგებს საინტერესო მოხსენებები წარუდგინეს:
თამარ მახარაძემ ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ მოკლე დროში მიღწეულ წარმატებებზე, სტრატეგიულ მიზნებსა და საგანმანათლებლო სფეროს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა ახალი თაობის მოტივაცია და აქტიურობა.
მაია მელიქიძემ თავის გამოსვლაში მიმოიხილა ბიზნესის სკოლის მიერ დანერგილი სიახლეები, ხელოვნური ინტელექტის (AI) მნიშვნელობა და დამსაქმებელთა თანამედროვე მოთხოვნები. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა ვაქციოთ ბაზრის საჭიროებები ახალ შესაძლებლობებად. ხაზი გაუსვა ბიზნესსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო კოლაბორაციის აუცილებლობას, მეწარმეობის განვითარებასა და სწავლებაში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას.
მსგავს საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა ხელს უწყობს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე და ალტე უნივერსიტეტში უმაღლესი სტანდარტის სასწავლო გარემოს შექმნაზე.
