უნივერსიტეტში სწავლისას დრო ლექციებს, მეცადინეობას, დავალებების შესრულებასა და ჯგუფურ პროექტებზე მუშაობას შორის უნდა გაანაწილო. დატვირთული დღის უკეთ დასაგეგმად „ალტე უნივერსიტეტის“ რჩევები გაითვალისწინე. მათი დახმარებით სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზებას შეძლებ, პროდუქტიულობას შეინარჩუნებ და დასახულ მიზნებსაც მიაღწევ.
ჩაინიშნე მნიშვნელოვანი თარიღები და მოცულობითი დავალებები პატარა ამოცანებად დაყავი
დავალებების ჩაბარების ვადები, გამოცდების თარიღები და სხვა მნიშვნელოვანი დღეები კალენდარში ჩაინიშნე. მნიშვნელობა არ აქვს, ამისთვის წიგნაკს გამოიყენებ თუ ტელეფონის აპლიკაციას, მთავარია, ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში გქონდეს. ასე წინასწარ გეცოდინება, რომელი დღეები გექნება დატვირთული და დროსაც უკეთ გაანაწილებ.
მოცულობითი დავალებები კი პატარ-პატარა, თანმიმდევრულ ამოცანებად დაყავი და თითოეულისთვის შესრულების ვადა განსაზღვრე. მაგალითად, თუ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ხარ და რთულ კაზუსზე მუშაობ, ჯერ ფაქტობრივი გარემოებები გააანალიზე. შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები მოიძიე, არგუმენტები ჩამოაყალიბე და ბოლოს დასკვნა დაწერე.
რთულ დავალებებზე მაშინ იმუშავე, როცა ყველაზე პროდუქტიული ხარ
ზოგიერთი სტუდენტი დილით უკეთ მეცადინეობს, ზოგი კი საღამოს უფრო პროდუქტიულია. დააკვირდი, შენ როდის გაქვს მეტი ენერგია და დღის რომელ მონაკვეთში გიადვილდება რთული დავალებების შესრულება.
დაალაგე დავალებები პრიორიტეტების მიხედვით
როცა რამდენიმე დავალება გაქვს, მნიშვნელოვანია, მათ შორის პრიორიტეტები განსაზღვრო. ამისთვის ეიზენჰაუერის პრინციპით იხელმძღვანელე და თითოეული დავალება ორი ნიშნით შეაფასე: რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად სასწრაფოა მისი შესრულება.
მაგალითად, თუ გამოცდა ხვალ გაქვს, მისთვის მომზადება მნიშვნელოვანიცაა და სასწრაფოც, ამიტომ, პირველ რიგში, დრო მეცადინეობას დაუთმე. მაგრამ თუ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის რომელიმე საგანში ესე ერთი თვის შემდეგ გაქვს ჩასაბარებელი, ეს მნიშვნელოვანი დავალებაა, თუმცა სასწრაფო ჯერ არ არის. ამიტომ მასზე მუშაობა წინასწარ დაგეგმე: ამ კვირაში შეარჩიე წყაროები, შემდეგ კვირაში შეადგინე გეგმა და პირველი ვერსიის დასაწერადაც გამოყავი დრო.
გამოიყენე პომოდოროს ტექნიკა მეცადინეობისას
ხანგრძლივი და უწყვეტი მეცადინეობისას კონცენტრაციის შენარჩუნება და ახალი ინფორმაციის დამახსოვრება ძალიან რთულია. ასეთ დროს პომოდოროს ტექნიკა გამოიყენე: 25 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთ კონკრეტულ დავალებაზე იმუშავე, შემდეგ კი 5 წუთით შეისვენე.
ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ბევრი და რთული საკითხი გაქვს სასწავლი. მაგალითად, თუ მედიცინის მიმართულებაზე სწავლობ და ანატომიაში ვრცელ მასალას ამუშავებ, წინასწარ შეარჩიე საკითხი, რომელსაც 25 წუთს დაუთმობ. შესვენების შემდეგ შეამოწმე, რა დაგამახსოვრდა და მომდევნო საკითხზე გადადი.
შეზღუდე ის, რაც ყურადღებას გიფანტავს, და სწავლისთვის კომფორტული გარემო შეარჩიე
შეტყობინებებმა შეიძლება ყურადღება გაგიფანტოს და სწავლაზე ხელახლა კონცენტრირება გაგიჭირდეს. ამიტომ უმჯობესია, მეცადინეობის დაწყებამდე ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანო ან სხვა ოთახში დატოვო.
კონცენტრაციაზე ის გარემოც მოქმედებს, სადაც მეცადინეობ. შესაძლოა, სიჩუმეში, მაგალითად, ბიბლიოთეკაში ან საკუთარ ოთახში უკეთ სწავლობდე, ან ყურადღების მოკრებაში მსუბუქი ფონური ხმაური გეხმარებოდეს. დააკვირდი, სად უფრო პროდუქტიული ხარ და დავალებებიც იქ შეასრულე.
დაიტოვე დრო დასვენებისა და განტვირთვისთვის
ვარჯიში, მეგობრებთან შეხვედრა ან სხვა საყვარელი საქმიანობა ენერგიის აღდგენაში დაგეხმარება და განწყობას აგიმაღლებს. ამიტომ კვირის დაგეგმვისას უნივერსიტეტის დავალებებთან ერთად დასვენებისთვისაც წინასწარ გამოყავი დრო.
კვირის ბოლოს გადახედე განრიგს და საჭიროების მიხედვით შეცვალე ის
კვირის ბოლოს რამდენიმე წუთი დაუთმე იმის შეფასებას, რა მოასწარი დაგეგმილიდან, რა გადაიდო და რატომ. შესაძლოა, აღმოაჩინო, რომ რომელიმე საგნისთვის საკმარისი დრო არ გამოყავი ან საღამოს მეცადინეობა შენთვის ნაკლებად ეფექტურია. ეს დაკვირვებები მომდევნო კვირის დაგეგმვისას გაითვალისწინე.
გეგმის შედგენისას ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. შესაძლოა, ახალი დავალება დაგემატოს ან რომელიმე საკითხზე მუშაობამ მოსალოდნელზე მეტი დრო მოითხოვოს. ამიტომ განრიგში თავისუფალი დროც დაიტოვე, რათა მცირე ცვლილებების გამო სხვა საქმეების გადადება არ დაგჭირდეს.
თუ სასწავლო პროცესის ორგანიზებაში დამატებითი მხარდაჭერა დაგჭირდება, შეგიძლია სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორს მიმართო. მანამდე კი მისი რჩევა გაითვალისწინე:
„გახსოვდეს, რომ ახალი ჩვევებისა და მეთოდების დანერგვას დრო სჭირდება. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, რომელიმე ტექნიკა დიდ დროს გართმევდეს ან ისე არ გამოგივიდეს, როგორც ელოდი, ეს სრულიად ბუნებრივია. ნუ ეცდები ყველაფრის ერთდროულად შეცვლას. დაიწყე მცირე ნაბიჯებით, სცადე სხვადასხვა მიდგომა და შეარჩიე ის, რაც ყველაზე მეტად გერგება. მთავარია არა იდეალურად შესრულება, არამედ ნელ-ნელა ისეთი სასწავლო პროცესის შექმნა, რომელიც შენთვის უფრო მარტივი, ეფექტური და სასიამოვნო იქნება.“
ამრიგად, ამ მეთოდების გამოყენება დაგეხმარება, სასწავლო პროცესი უკეთ დაგეგმო, დავალებები თანმიმდევრულად შეასრულო და უნივერსიტეტში დასახულ მიზნებს ეტაპობრივად მიაღწიო.

