ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Ibmec ბრაზილიის ერთ-ერთ წამყვანი და მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ქსელია, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტებს სან-პაულოში, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიასა და ბელუ-ჰორიზონტეში, სადაც 50,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება განათლებისა და კვლევის მიმართულებით. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვას გაცვლით პროგრამებში; ერთობლივი პროექტების, კონფერენციებისა და კვლევითი ინიციატივების განხორციელებას.
თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება; სამართალი; კომპიუტერული მეცნიერებები; ფსიქოლოგია; ტურიზმი და მედიცინა. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
მხარეები აქტიურად იმუშავებენ ინოვაციურ და ინტერდისციპლინარულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე. ამასთან ერთად, შექმნიან ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის.
