ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სალომე ონიანმა, IEEE Electrical Design of Advanced Packaging and Systems (EDAPS 2023) კონფერენციაზე სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა.
EDAPS წარმოადგენს ელექტრონული ჩიპების, პაკეტებისა და სისტემების მიმართულებით კვლევების გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას აზიის რეგიონში.
ალტე უნივერსიტეტში კვლევა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში (გრანტი # YS-22-1443) ხორციელდება, რომელიც სალომე ონიანმა მოიპოვა. კვლევის მენტორია ალტე უნივერსიტეტის პროფესორი ნანა დიხამინჯია და კვლევაში ჩართულია ამავე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი თიკა მაწიაშვილი.
კვლევა ოთხპორტიანი ელექტრონული არხებისთვის დეემბედირების მეთოდის არსებული ალგორითმების გაუმჯობესებას ეხება და ხორციელდება მისურის უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიასთან და სილიკონის ველზე დაფუძნებულ კომპანიასთან, „Clear Signal Solution“ თანამშრომლობით.
კვლევის შედეგები ინტეგრირდება ამ კომპანიის მიერ შექმნილ პროგრამულ სისტემაში “AITT”, რომლითაც სარგებლობენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.