Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

როგორ ამზადებს „ალტე უნივერსიტეტი“ სტუდენტებს რეალური კარიერისთვის?

თანამედროვე სტუდენტისთვის მხოლოდ დიპლომი საკმარისი აღარ არის. დღეს მეტად  მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტმა რეალურად შეუწყოს ხელი მის პირველ სამუშაო გამოცდილებასა და დასაქმებას. 

 

„ალტე უნივერსიტეტში“ სტუდენტების კარიერული განვითარება სწავლის თანმდევი პროცესია. ეს მოიცავს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას, წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს.

 

რას სთავაზობს „ალტე უნივერსიტეტი" სტუდენტებს კარიერული განვითარებისთვის?

 

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური. ეს სტრუქტურა ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიულ წინსვლაზე და ხელს უწყობს მათ დასაქმებას როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე პარტნიორ ორგანიზაციებში.

 

სტუდენტებს, მათ შორის მათაც, ვისი არჩევანიც კომპიუტერული მეცნიერება ან სხვა ტექნოლოგიური სფეროა, აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ პერიოდულ ვორქშოპებს, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პიროვნული და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ასევე, ტარდება სიმულაციური მეცადინეობები, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტი დასაქმების სრულ ციკლს გადის, ანუ ამზადებს რეზიუმეს, ემზადება გასაუბრებისათვის და ა.შ.

 

გარდა ამისა, მათთვის მუდმივად ხელმისაწვდომია აქტიური ვაკანსიები და ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების შესახებ. პარალელურად, უნივერსიტეტი აწყობს საჯარო ლექციებს, რაც პროფესიული კავშირების დამყარების საუკეთესო გზაა. აღნიშნული სერვისები სრულიად უფასოა და სარგებლობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

 

200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია – სად გადიან პრაქტიკას „ალტე უნივერსიტეტის" სტუდენტები?

 

სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის „ალტე უნივერსიტეტს“ 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს. ეს კომპანიები სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ და ბაკალავრებს  სტაჟირებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს სთავაზობენ.

 

სტუდენტები უშუალოდ ერთვებიან სამუშაო პროცესში და ხშირად, სტაჟირების დასრულების შემდეგ, იქვე აგრძელებენ მუშაობას. ეს მოდელი ორმხრივად მომგებიანია, რადგან კომპანიები ნიჭიერ ახალგაზრდებს იზიდავენ, სტუდენტები კი საჭირო პროფესიულ გამოცდილებას იღებენ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ სტრატეგიულ გეგმაში კარიერული მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა განსაზღვრული. უნივერსიტეტის ხედვის თანახმად, კურსდამთავრებულები დასაქმებისთვის სრულად მომზადებული მოქალაქეები უნდა იყვნენ, ანუ უნდა ჰქონდეთ ისეთი ცოდნა და უნარები, რომლის საფუძველზეც ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.

 

დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტის კამპუსში

 

ყოველწლიურად „ალტე უნივერსიტეტი“ დასაქმების ფორუმს მართავს. ამ ღონისძიებაში სხვადასხვა სფეროს 20-მდე წამყვანი კომპანია მონაწილეობს. კომპანიების წარმომადგენლები ადგილზევე ეცნობიან სტუდენტებს, მათ ცოდნას, უნარებსა და ინტერესებს. თავის მხრივ, სტუდენტები ესაუბრებიან პოტენციურ დამსაქმებლებს და იღებენ ამომწურავ ინფორმაციას ვაკანსიებისა თუ სტაჟირებების შესახებ.

 

გასულ წელს ჩატარებული ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ ღონისძიებამ მას იმ კომპანიებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა, რომლებსაც მანამდე მხოლოდ დისტანციურად, მაგალითად LinkedIn-ის მეშვეობით ადევნებდა თვალს. მან შეძლო რეზიუმეს წარდგენა და პირდაპირი უკუკავშირის მიღება, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სწავლის პარალელურად კარიერულ ზრდაზე ზრუნვა სავსებით რეალურია.

 

დამსაქმებლების შეფასებით, „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს მაღალი მოტივაცია და რეალურ სამუშაო გარემოში ჩართვის მზაობა აქვთ. 

 

კურსდამთავრებულები – ქსელი, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგაც მუშაობს

 

კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური სწავლის დასრულების შემდეგაც აგრძელებს მათ მხარდაჭერას. კერძოდ, კურსდამთავრებულებს აქვთ წვდომა აქტიურ ვაკანსიებზე, საჯარო ლექციებსა და პროფესიული კონტაქტების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ კურსდამთავრებულებისთვის სამაგისტრო პროგრამებსა და სხვადასხვა კურსებზე სპეციალური პირობები, მათ შორის თანადაფინანსება, მოქმედებს. ამავდროულად, შეუძლიათ, თავად გახდნენ კარიერული მენტორები და საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას გაუზიარონ.

 

დასაქმების ფორუმში დამსაქმებლის სტატუსით თავად „ალტე უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულებიც მონაწილეობენ. ისინი, ვინც ერთ დროს ამ ღონისძიებას სტუდენტის ამპლუაში ესწრებოდნენ, ახლა უკვე სხვებს პროფესიული გზის დაწყებაში ეხმარებიან.

 

საერთაშორისო პარტნიორები და გლობალური შესაძლებლობები

 

„ალტე უნივერსიტეტისთვის“ საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 50-ზე მეტ საერთაშორისო სასწავლებელსა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ეს პარტნიორობები ხელს უწყობს ხარისხიან განათლებაზე წვდომას, კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების გლობალურ ჩართულობას.

 

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო თუ ზამთრის სკოლებში, საერთაშორისო კვლევებსა და აკადემიურ კონფერენციებში. აღნიშნული გამოცდილება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროფესიული სფერო საერთაშორისო პერსპექტივიდან დაინახონ და კონტაქტები სხვა ქვეყნებშიც გაიჩინონ.

 

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ეკონომიკურ ფორუმთან“ გაფორმებული მემორანდუმი. თანამშრომლობა მოიცავს ბიზნესის სკოლის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართულობას, მათ შორის კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ქმნის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ისეთ გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებად გარდაიქმნება.

 

წარმატებული კარიერა უნივერსიტეტიდან იწყება

 

25-წლიანი ისტორიის მქონე „ალტე უნივერსიტეტი“ ოთხი სკოლის ფარგლებში 13 აკადემიურ პროგრამას ახორციელებს. უნივერსიტეტში 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ, კურსდამთავრებულთა რაოდენობა კი 2 300-ს აჭარბებს. თუმცა, ციფრებზე მეტად მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომელსაც სასწავლებელი სტუდენტებთან მიმართებით იყენებს, რადგან აქ განათლება მხოლოდ ლექციებითა და გამოცდებით არ შემოიფარგლება.

 

სტაჟირება წამყვან კომპანიებში, კარიერული მენტორინგი, დასაქმების ფორუმები, პროფესიული ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები ქმნის იმ გარემოს, სადაც სტუდენტი პროფესიონალად ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ყალიბდება.

 

თუ შენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო, კარიერულ შესაძლებლობებზე გქონდეს წვდომა და პროფესიული გზა უფრო თავდაჯერებულად დაგეგმო, „ალტე უნივერსიტეტში“ ამისთვის შესაბამის გარემოს დაგხვდება.

 

კარიერული განვითარების სერვისებით დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდი კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე: careerservices@alte.edu.ge

 

კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მისამართი: alumni@alte.edu.ge

როგორ ამზადებს „ალტე უნივერსიტეტი“ სტუდენტებს რეალური კარიერისთვის?როგორ ამზადებს „ალტე უნივერსიტეტი“ სტუდენტებს რეალური კარიერისთვის?