ივ.ბოკერიას ჰოსპიტალსა და ალტე უნივერსიტეტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამედიცინო პროფილის სტუდენტებს განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ალტე უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა გახდა. უნივერსიტეტის სტუდენტები ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაიღრმავებენ. სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები. ასევე, სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექსპერტები. სტუდენტებს, რომლებიც ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ისწავლიან, ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, სტაჟირება ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გაიარონ. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ჰოსპიტალი მაღალი აკადემიური მოსწრების 3 სტუდენტს დიპლომის შემდგომ სწავლებას დაუფინანსებს და სასრუველ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლას უფასოდ შესთავაზებს.
ალტე უნივერსიტეტი მედიცინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ქართველ სტუდენტებს 2021 წლის შემოდგომაზე პირველად მიიღებს. ივ.ბოკერიას ჰოსპიტლის ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად მოხდება სასწავლო გრანტის გამოყოფა 100 000 ლარის ოდენობით, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონე 5 აბიტურიენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ივ.ბოკერიას ჰოსპიტალთან თანამშრომლობით ალტე უნივერსიტეტი ქმნის სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულების სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მიმართუებით მომსახურების განვითარებასა და ინტერდისპილინარული მენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობის მგსგავსი ფორმატი სამედიცინო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საქართველოში პირველია. ექსკლუზიური მემორანდუმი მედიცინის თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ სწავლების თეორიული და პრაქტიკული უახლესი მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, რომ ივ.ბოკერიას ჰოსპიტალი გახლავთ ევექსი ჰოსპიტლების ქსელში შემავალი ერთ-ერთი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც 300 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ყველა სამედიცინო პროფილით ემსახურება.
