ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, 3-დღიანი Arduino ჰაკათონი წარმატებით დასრულდა.
წლევანდელი ჰაკათონის მთავარი თემა Entertainment (გასართობი ინდუსტრია) იყო. პროექტში მონაწილეობდნენ როგორც Arduino კვირეულის მონაწილეები, ასევე ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული სხვა სკოლის მოსწავლეები.
სამი დღის განმავლობაში 16-მა გუნდმა მენტორების მხარდაჭერით სრული სამუშაო პროცესი გაიარა - იდეის გენერირებიდან და კონცეფციის დამუშავებიდან რეალური პროტოტიპის შექმნამდე. მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ ალტე უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი გიორგი გრიგოლია და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები.
პროექტებზე მუშაობისას გუნდებმა აქტიურად გამოიყენეს ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრისა და ელექტრონიკის ლაბორატორიის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, მათ შორის 3D პრინტერი და ლაზერული მჭრელი.
ჰაკათონის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა საკუთარი პროექტები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
- გიორგი გრიგოლია - ალტე უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი
- ჯუანშერ ჯეჯელავა - საქართველოს რობოტიკის ასოციაციის კოორდინატორი
- მარიამ ლეკვეიშვილი - კომპანია „ტენეოს“ ინოვაციების მენეჯერი
პირველი ადგილი და ჟიურის განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა გუნდმა Veni, Vidi, Vici. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა, გიორგი ქსოვრელმა და გიორგი ვარამაშვილმა, პროექტით „Maze Runner“ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერები დაიმსახურეს.
ჰაკათონის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები.


