ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ ინიციატივით, არაფორმალური განათლების იდეების ყოველწლიური კონკურსი მასწავლებლებისთვის კვლავ იწყება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი იდეები არაფორმალური განათლების მიმართულებით და მოიპოვონ ფინანსური მხარდაჭერა მათი განხორციელებისთვის.
კონკურსის მონაწილეები, რომლებიც შერჩევის ეტაპს წარმატებით გაივლიან, განათლების სფეროს წამყვანი სპეციალისტების მენტორობით იმუშავებენ საკუთარი პროექტების განვითარებასა და პრაქტიკაში დანერგვაზე.
პროექტის ეტაპები:
- 15 ივნისის ჩათვლით - განაცხადების მიღება;
- 16–21 ივნისი - ნახევარფინალში გადასული 30 საუკეთესო იდეის გამოვლენა;
- 24 ივნისი - მენტორინგის ონლაინ სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის;
- 28 ივნისის ჩათვლით - ნახევარფინალისტების საბოლოო პროექტების მიღება;
- 1 ივლისი - 10 ფინალისტი პედაგოგის გამოვლენა;
- 6 ივლისი - ფინალური ღონისძიება და 3 გამარჯვებული იდეის გამოვლენა.
საპრიზო ფონდი
კონკურსის საერთო საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს.
კონკურსის შესახებ
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, როგორც მოსწავლეთა პიროვნული და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის. არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და უკეთ დაგეგმონ მომავალი კარიერა.
ამავდროულად, მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორებიცაა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი, შემოქმედებითი მიდგომები და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
რეგისტრაცია
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პედაგოგებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შესაბამის სააპლიკაციო ფორმაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი.
