ალტე უნივერსიტეტმა და ამერიკულმა New Jersey City University (NJCU)–მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ერთობლივი, ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამები შეიქმნება.
პროგრამები ორი უნივერსიტეტის კოორდინაციით მომზადდება და სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, განათლება მიიღონ როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამავდროულად, მონაწილეები ორ დიპლომს - ალტესა და NJCU-ის ოფიციალურ აკადემიურ აღიარებას მიიღებენ.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ასევე ერთობლივი კვლევების განხორციელებას და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული აკადემიური გარემოს განვითარებას.
“მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ New Jersey City University-სთან პარტნიორობას ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერებების ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, ერთდროულად ორივე უნივერსიტეტის დიპლომი მიიღონ და ამავდროულად დააგროვონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება.
ორმაგი დიპლომის ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს, სტუდენტები აღვჭურვოთ გლობალურად კონკურენტული უნარებით და ფართო საერთაშორისო ხედვით, რათა წარმატებით შეძლონ სწრაფად ცვალებად, მუდმივად განვითარებად სამყაროში კარიერული წარმატების მიღწევა.
გარდა ამისა, პარტნიორობა მოიცავს სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, რაც დაგვეხმარება აკადემიური ეკოსისტემის განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში.
ეს თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ალტე უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნის მიღწევისკენ - მუდმივად გააფართოვოს საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობები” - რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
პარტნიორი უნივერსიტეტი - NJCU
New Jersey City University მდიდარი აკადემიური ისტორიის მქონე უნივერსიტეტია, რომელიც 1927 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუდენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის განათლებას. უნივერსიტეტი ახორციელებს 59 საბაკალავრო და 31 სამაგისტრო პროგრამას და მიზნად ისახავს მომავლის ლიდერების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების შეტანას როგორც ნიუ ჯერსის შტატის, ისე - მთელი მსოფლიოს საზოგადოებისთვის.
ალტე უნივერსიტეტი
2002 წელს დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში. დღეს იგი აერთიანებს ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის საერთაშორისო სკოლებს. უნივერსიტეტში სწავლობს 2,500-ზე მეტი სტუდენტი 50-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო აკადემიური პროგრამების რაოდენობა 14-ს შეადგენს.
ალტე უნივერსიტეტი აქტიური წევრია ისეთი საერთაშორისო აკადემიური ქსელების, როგორებიცაა:
- European University Association (EUA)
- Global University Network For Innovation (GUNi)
- Association for Computing Machinery (ACM)
- Society in Europe for Simulation Applied to Medicine (SESAM)
- The Coalition for Advancing Research Assessment (CoARA) და სხვა.
50-ზე მეტი პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტის დახმარებით, ალტე უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, საერთაშორისო კონფერენციებში, კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.