შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ მომზადებულმა სამმა პროექტმა გაიმარჯვა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ყოველწლიურად 600-მდე პროექტი მონაწილეობს. წელს პირველად, ალტე უნივერსიტეტის პერსონალის 3-მა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა.
გამარჯვებული პროექტებია:
- პროექტის სახელწოდება: “აუტისტური სპექტრის აშლილობების ადრეული აღმოჩენა: ფოლატის რეცეპტორის აუტოანტისხეულებისა და M-CHAT-R ქულის კოლერაცია”
პროექტის ავტორები: დავით ჩახუნაშვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი
პროექტი მიზნად ისახავს აუტისტური სპექტრის აშლილობის ადრეული გამოვლენის გაუმჯობესებას მცირე ასაკის ბავშვებში, ქცევითი სკრინინგის შედეგებსა და ბიოლოგიურ მარკერებს შორის კავშირის შესწავლით. კერძოდ, კვლევა შეისწავლის, რამდენად გააუმჯობესებს ფოლატის რეცეპტორის აუტოანტისხეულები (FRAb) განსაზაღვრა, რომლებიც შეიძლება აფერხებდნენ ტვინის ნორმალურ განვითარებას, აუტიზმის რისკის განსაზღვრას Modified Checklist for Autism in Toddlers, Revised (M-CHAT-R) სკრინინგის ინსტრუმენტთან ერთად.
კვლევა მოიცავს დაახლოებით 5,000 ბავშვის სკრინინგს M-CHAT-R კითხვარით, რისკის მიხედვით სტრატიფიცირებას, ხოლო შემდგომ სამივე რისკის ჯგუფში FRAb დონის განსაზღვრას. მოძიებული იქნება და გაიტესტება უკვე აუტიზმის რისკის მქონე ბავშვები. FRAb დონეების შედარება სხვადასხვა რისკ-ჯგუფებს შორის, მათ შორის უკვე დიაგნოზირებული აუტიზმის მქონე ბავშვებში, ემსახურება იმას, რომ განსაზღვროს, შეუძლია თუ არა ამ ბიომარკერს ადრეული გამოვლენისა და რისკის პროგნოზირების გაუმჯობესება.
- პროექტის სახელწოდება: ნეიროვასკულური შეწყვილების (NVC) შეფასება კოგნიტური დარღვევების მქონე პაციენტებში ფუნქციური ტრანსკრანიული დოპლეროგრაფიით (fTCD) და აუდიტორული გამოწვეული პოტენციალებით (AEP).
პროექტის ავტორები: მარინა ალფაიძე, ეკა აბჟანდაძე
კვლევის მთავარი მიზანია ნეიროვასკულური შეწყვილების (NVC) შეფასება AEP და სისხლის ნაკადის სიჩქარის (CBFV) მონაცემების სინქრონული რეგისტრაციის გზით.პროექტი ეხმიანება ევროკომისიის "ტვინის ჯანმრთელობის მისიას" (Brain Health Mission), რომელიც მიზნად ისახავს დემენციის, ინსულტისა და სხვა კოგნიტური დარღვევების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მართვას.კვლევაში ჩაერთვება 100 პაციენტი მსუბუქი კოგნიტური დარღვევით (MCI) ან ალცჰაიმერის დაავადებით (AD) და 20 ჯანმრთელი პირი. გამოყენებული იქნება არაინვაზიური მეთოდები რეალურ დროში მონაცემების მისაღებად.პროექტი ითვალისწინებს ხელოვნურ
ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მოდელის შექმნას პათოლოგიური ნეიროვასკულური პროფილების ავტომატური იდენტიფიკაციისთვის.
- პროექტის სახელწოდება: ელექტრული სტიმულაციის რეგენერაციული ეფექტები ტრავმირებული ჰიპოკამპური ორგანოტიპური კულტურის მიკროქსელებზე
პროექტის ავტორი: დავით აფხაზავა, ცეზარ გოლეთიანი
თავის ტვინის ტრავმული დაზიანება (TBI) გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წარმოდგენილი კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს ტრავმირებულ ჰიპოკამპურ ქსოვილში ელექტრული სტიმულაციის რეგენერაციული შესაძლებლობების შესწავლას ორგანოტიპური კულტურების ინ ვიტრო მოდელის გამოყენებით.
კვლევის ძირითადი ამოცანებია: ჰიპოკამპური ქსოვილის ნეიროტრავმული მოდელის შექმნა ქსოვილის გაწელვის მეთოდით; თეტა სიხშირის ელექტრული სტიმულაციის გავლენის შეფასება სინაპსური პლასტიურობაზე, კერძოდ ხანგრძლივი პოტენციაციის (LTP) ცვლილებებზე; უჯრედული და აქსონურ-დენდრიტული მორფოლოგიის დინამიკური ანალიზი ფლუორესცენტული მიკროსკოპიის, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური (ვესტერნ ბლოტინგი, PCR) მეთოდებით; აგრეთვე, ნეიროტრავმის შემდგომ ნეირონული ქსელების ფუნქციური და სტრუქტურული აღდგენის პოტენციალის დადგენა.
კვლევა ხორციელდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობით. პროექტის ხელმძღვანელია ცეზარ გოლეთიანი, კოორდინატორი დავით აფხაზავა.
პროექტის შედეგები ხელს შეუწყობს ნეირორეაბილიტაციის ახალი სტრატეგიების შემუშავებას და გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტების მომზადებისა და რეგისტრაციის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობის და პროექტების განვითარების დეპარტამენტი.
აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ალტე უნივერსიტეტის მზარდ პოტენციალს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების მიმართულებით.
