ალტე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი სამუშაო ვიზიტით Ankara Yıldırım Beyazıt University-ს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტური გამოცდილების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, მარიამ ფაიქიძე და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, თამარ ზაქროშვილი მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე მარიამ ფაიქიძემ და თამარ ზაქროშვილმა პარტნიორებს წარუდგინეს ალტე უნივერსიტეტში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტების, სტუდენტური სერვისების მართვის პრაქტიკა და ადმინისტრაციული პროცედურების თავისებურებები.
ვიზიტის განმავლობაში ჩატარდა ოფიციალური შეხვედრები რექტორატთან, ვიცე-პრეზიდენტებთან, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტთან, სწავლებისა და სწავლის განვითარების ცენტრთან, უცხო ენების სკოლასა და საერთაშორისო სტუდენტების ოფისთან.
ადმინისტრაციული შეხვედრების გარდა, მარიამმა და თამარმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი, ცენტრალური ლაბორატორია და ბიბლიოთეკის ბეჭდური თუ ციფრული რესურსები. ინჟინერიის, ფსიქოლოგიის, მედიცინისა და იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კი ადგილზე გაეცნენ სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, მათ შორის იმიტირებულ სასამართლო დარბაზსა და პრაქტიკული სწავლების სივრცეებს.
ვიზიტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინსტიტუციებს შორის არსებული პარტნიორობის გამყარებაში, გამოცდილების გაცვლასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში.

