ალტე უნივერსიტეტმა ტრადიციულად, წელსაც მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE European Association for International Education) მიერ ორგანიზებულ, ევროპაში ყველაზე დიდ განათლების კონფერენციაში, რომელიც წელს გოტენბურგში, შვედეთში გაიმართა.
კონფერენციას ალტე უნივერსიტეტის სახელით პრეზიდენტი - რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით - ანი ამირანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - თორნიკე ბაქაქური ესწრებოდნენ.
კონფერენციაში მონაწილეობა ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტერნაციონალიზაციის პროცესის გასაძლიერებლად. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის დელეგაციას ჰქონდა პარტნიორული ქსელის გაფართოების, საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყებისა და უკვე არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონფერენციაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც თურქეთის ანკარა ილდირიმ ბეიაზის უნივერსიტეტთან (Ankara Yıldırım Beyazıt Üniversitesi).
მსგავსი ფორმატის კონფერენციები და ღონისძიებები ალტე უნივერსიტეტისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, განამტკიცოს საერთაშორისო პოზიციები და შექმნას ახალი საგანმანათლებლო პერსპექტივები სტუდენტებისთვის.
