Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 20, 2024

ალტე უნივერსიტეტი ENAI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ალტე უნივერსიტეტი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის (ENAI) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

 

ENAI ევროპის უდიდესი გაერთიანებაა, რომლის მიზანია აკადემიური და კვლევითი ეთიკისა და კეთილსინდისიერების დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

კონფერენციების, ვორკშოპების, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების პროექტებში ჩართულობით, ENAI და მისი პარტნიორები აზიარებენ კრიტიკულად მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს ეთიკისა და კეთილსინდისიერების საუნივერსიტეტო სტრუქტურისა და ორგანიზაციული კულტურის დონეზე დამკვიდრების მიზნით. ამავდროულად, ორგანიზაცია საზოგადოებას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ასეულობით ციფრულ სასწავლო მასალას აკადემიური კეთილსინდისიერების ფარგლებში ტრენინგების პროგრამის შესადგენად ან ინდივიდუალური გადამზადებისთვის.

 

ENAI-ის წევრები არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები, ევროპის სტუდენტთა გაერთიანება, უნივერსიტეტები ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

ალტე უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს ასოციაციის სამუშაო ჯგუფებისა და ბორდის წამყვან აქტივობებში, და რაც მთავარია, ხელი შეუწყოს აკადემიური და კვლევითი ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციონალიზებას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით.