აბიტურიენტების კლუბი ალტე უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 6000-მდე XI და XII კლასელს აერთიანებს. კლუბის მიზანია წევრ სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს სერვისები, რომელიც მათ დაეხმარება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში, სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და სხვადასხვა სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაში. დღეს აბიტურიენტების კლუბში უკვე 6000-მდე მოსწავლეა გაერთიანებული და აქტიურად სარგებლობს აღნიშნული უფასო სერვისებით. აღნიშნული აქტივობები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური შეხვედრების სახით.
2024 წლიდან ალტე უნივერსიტეტი აქტიურად გეგმავს რეგიონული სივრცეების გახსნას, რომლის დანიშნულებაც იქნება ადგილობრივი მოსწავლეებისთვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მათ მშვიდ გარემოში ჯგუფური მეცადინეობის საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, აღნიშნულ სივრცეებში ჩატარდება სხვადასხვა თემატური შეხვედრები აბიტურიენტების მხარდასაჭერად, იმისათვის, რომ წარმატებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები.
პირველი საპილოტე ცენტრი ყვარელში, ყვარლის ევროკლუბის ბაზაზე, 2023 წლის დეკემბერში გაიხსნა. ალტე უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ყვარლის ევროკლუბთან. 2023 წელს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი პროექტი „ ლიდერობის სკოლა“ განხორციელდა. გარდა ამისა, ყვარლის ევროკლუბმა ალტე უნივერსიტეტისგან საჩუქრად მიიღო წიგნები, ეკრანი, ეფექტური შეხვედრების ჩასატარებლად, „პუფები“ და სხვა ინვენტარი.
