შრომის ბაზარი ბოლო წლებში იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ამას ბევრი პროგნოზირებდა. ტექნოლოგიური პროგრესი, მოსახლეობის დაბერება და კლიმატის ცვლილება ერთდროულად განაპირობებს ახალი პროფესიების გაჩენას და ტრადიციული პოზიციების ჩანაცვლებას. ამ პროცესების მასშტაბი ნათლად ჩანს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) უახლეს მონაცემებში: კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის დაახლოებით 170 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო 92 მილიონი გაუქმდება. შესაბამისად, წმინდა ზრდა, რაც ახალსა და გაუქმებულ პოზიციებს შორის სხვაობას გულისხმობს, 78 მილიონია.
ეს მაჩვენებლები ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს: პირველ რიგში, სამუშაო ადგილები არ ქრება, არამედ ისინი ტრანსფორმაციას განიცდის. მეორე მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ კვალიფიკაციას ახალ მოთხოვნებს სწრაფად ვერ მოარგებენ, შესაძლოა სამუშაო ადგილის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება შრომის ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს: მომდევნო ხუთ წელიწადში პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებზე მოთხოვნა 57%-ით გაიზრდება. ეს ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯანდაცვის, ფინანსების, წარმოებისა თუ ლოგისტიკის ჩათვლით, თითქმის ყველა სექტორს სჭირდება ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და ავტომატიზაციის სპეციალისტი. ამ სფეროში ყველაზე გავრცელებული პოზიციები AI ინჟინერი, პროგრამისტი და ავტომატიზაციის სპეციალისტია.
ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებები ისეთივე მასშტაბურია, როგორიც ტექნოლოგიურ სექტორში. ელექტრონული კომერცია, ციფრული მარკეტინგი და მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნესანალიტიკა ის მიმართულებებია, რომლებიც ბოლო წლებში მკვეთრად გაფართოვდა.
დღეს პრაქტიკულად ყველა კომპანიას სჭირდება სპეციალისტი, რომელსაც ონლაინ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და ციფრული პლატფორმების მართვა შეუძლია. ამის გამო, ციფრული მარკეტერები, ბიზნესანალიტიკოსები და ელექტრონული კომერციის მენეჯერები იმ პროფესიებს მიეკუთვნებიან, რომლებზეც მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.
მონაცემთა მეცნიერება და ანალიტიკა
ორგანიზაციები ყოველდღიურად უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას აგროვებენ, თუმცა ამ მონაცემების დამუშავება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოყენება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, მონაცემთა ანალიტიკოსები და მეცნიერები შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალისტებად მიიჩნევიან.
WEF-ის პროგნოზით, ამ სფეროს წარმომადგენლებზე მოთხოვნა 41%-ით მოიმატებს, ხოლო მონაცემთა ბაზების სპეციალისტების შემთხვევაში ზრდა 49%-ს მიაღწევს. ეს მაჩვენებლები სრულიად ლოგიკურია, რადგან რაც უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება, მით მეტად იზრდება მათი სტრუქტურირების, შენახვისა და ინტერპრეტაციის საჭიროება.
კიბერუსაფრთხოება
მონაცემთა გაჟონვა, გამოძალვის სქემები და სახელმწიფო დონეზე ორგანიზებული კიბერთავდასხმები თანამედროვე რეალობის განუყოფელი ნაწილია, რის გამოც არსებული გამოწვევები კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე კიდევ უფრო მწვავდება.
უსაფრთხოების მენეჯმენტის სპეციალისტებზე მოთხოვნა 53%-ით გაიზრდება, რაც ზრდის ტემპით მეორე მაჩვენებელია დეველოპერების შემდეგ. კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი, ეთიკური ჰაკერი და უსაფრთხოების კონსულტანტი ის პროფესიებია, რომლებზეც მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს.
ჯანდაცვა და ბიომედიცინა
მოთხოვნა ექთნებზე, ექიმებზე, ბიომედიცინის მკვლევრებსა და კლინიკურ სპეციალისტებზე სტაბილურად მაღალია და, არსებული პროგნოზების თანახმად, ეს მაჩვენებელი მომდევნო ათწლეულებშიც შენარჩუნდება.
WEF-ის უახლეს ანგარიშში ექთნის პროფესია ყველაზე სწრაფად მზარდ პოზიციებს შორისაა დასახელებული. პარალელურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ექთნების გლობალურ დეფიციტზე, რაც პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მწვავე გამოწვევად იქცა.
ამავდროულად, ტელემედიცინა, პერსონალიზებული მკურნალობა და ბიოტექნოლოგიური კვლევები ახალი ტიპის სპეციალისტების საჭიროებას წარმოშობს. იმ პროფესიონალებს, რომლებიც თანაბრად კარგად ფლობენ სამედიცინო ცოდნასა და ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, ამ ბაზარზე განსაკუთრებული უპირატესობა ექნებათ.
ინჟინერია: რობოტიკა, განახლებადი ენერგია და ინფრასტრუქტურა
ინჟინერია ყოველთვის პერსპექტიული სფერო იყო, თუმცა ბოლო წლებში განახლებადი ენერგიის, ავტომატიზაციისა და რობოტიკის მიმართულებით სპეციალისტებზე მოთხოვნის განსაკუთრებულად მაღალი ზრდა შეიმჩნევა.
ავტონომიური და ელექტროტრანსპორტის სპეციალისტებზე მოთხოვნა 48%-ით იზრდება, IoT ტექნოლოგიების მიმართულებით ეს მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს. ელექტროინჟინრები, რობოტიკის სპეციალისტები და სისტემური არქიტექტორები ის პროფესიონალები არიან, რომლებზეც მოთხოვნა არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სექტორში, არამედ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგებშიც მატულობს.
რობოტიკა განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა, რადგან ის ხელოვნურ ინტელექტთან და მონაცემთა ანალიტიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რობოტული ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურად ინერგება წარმოების, ჯანდაცვისა და ლოგისტიკის პროცესებში. ინჟინრები, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, რეალურად მომავლის ინფრასტრუქტურას ქმნიან.
გარემოსდაცვითი მიმართულებები და მდგრადი განვითარება
კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. სახელმწიფოები მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებენ, ადგენენ ახალ გარემოსდაცვით რეგულაციებს და ეკოლოგიურად მდგრადი ინფრასტრუქტურის მშენებლობას უჭერენ მხარს. ეს პროცესები კი შრომის ბაზარზე ახალ პროფესიებს აჩენს.
გარემოსდაცვითი ინჟინერი, მდგრადობის კონსულტანტი, განახლებადი ენერგიის სპეციალისტი და ურბანული დაგეგმარების ექსპერტი ის პოზიციებია, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში მწვანე ენერგეტიკა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად არის დასახელებული.
გარემოსდაცვით სფეროში საქმიანობა მოითხოვს გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ქიმიის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის ცოდნის სინთეზს. იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ და ვიწრო სპეციალიზაციით შემოფარგვლა არ სურთ, ეს მიმართულება განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა იყოს.
საქართველოში გარემოსდაცვითი პროგრამები ჯერჯერობით აქტუალური არ არის. თუმცა საინტერესოა, რომ „ალტე უნივერსიტეტი“ წელს UI GreenMetric World University Rankings-ში მოხვდა, რომელიც სასწავლებლებს მდგრადობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიხედვით აფასებს. ამ პროცესში მონაწილეობამ უნივერსიტეტს საშუალება მისცა, არსებული მდგომარეობა შეეფასებინა, გამოწვევები გამოეკვეთა და „მწვანე კამპუსის“ შექმნის გზაზე მომდევნო წლების პრიორიტეტები განესაზღვრა. აღნიშნული ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ მდგრადი განვითარების საკითხები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
როგორ უნდა აირჩიო სწორი მიმართულება?
ამ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შესაძლოა იფიქრო, რომ ყველამ ტექნოლოგიურ სექტორში უნდა სცადოს ძალები, თუმცა რეალურად ისეთი საქმიანობა გჭირდება, რომელიც შენს პიროვნულ ინტერესებს პასუხობს. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ, გაიაზრე, რა გაინტერესებს ნამდვილად, რადგან მხოლოდ ციფრებზე დაფუძნებული მოტივაცია დიდხანს ვერ შეგინარჩუნდება. თუ პრობლემების გადაჭრა გიზიდავს, ტექნოლოგიები შენთვის საუკეთესო მიმართულებაა, ხოლო თუ ადამიანებზე ზრუნვა გირჩევნია, მედიცინის ან ფსიქოლოგიის პროგრამა აირჩიე.
მნიშვნელოვანია პროფესიული მოქნილობა, რადგან შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. ისეთი მიმართულება, სადაც კრიტიკულ აზროვნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეუფლები, გაცილებით საიმედოა, ვიდრე ვიწრო სპეციალიზაცია.
ბოლოს კი, გლობალურ ტენდენციებთან ერთად ლოკალური გარემოც შეაფასე. ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან შეაგროვე, ესაუბრე პროფესიონალებს და პრაქტიკული გამოცდილებით ნახე, რამდენად შეგესაბამება ესა თუ ის სფერო.

