Flag 0Flag 1

ბიზნესისა და ტექნოლოგიების

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა სტუდენტებს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე, პრაქტიკულ და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ორიენტირებულ განათლებას სთავაზობს. სკოლა აერთიანებს ბიზნესის, მეწარმეობისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს და სტუდენტებს თანამედროვე, მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის ამზადებს.

 

სკოლის პროგრამები ორიენტირებულია ანტრეპრენერული და ლიდერული აზროვნების, კრიტიკული და სტრატეგიული ხედვის, პრობლემების გადაჭრის, კრეატიულობისა და ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე. სტუდენტებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალები, რაც მათ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში ეხმარება.

 

სკოლა ხელს უწყობს სტუდენტებში ინოვაციური აზროვნებისა და ცვლილებებთან ადაპტირების უნარის განვითარებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და პროფესიული პოტენციალის რეალიზებას.

 

 

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება

 

სკოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრაქტიკაზე და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პროექტებში გამოიყენონ.

 

სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ პროექტებზე მუშაობით, პრაქტიკული დავალებების შესრულებითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ეს მიდგომა ხელს უწყობს მათი პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, რეალური ბიზნესპრობლემების გააზრებასა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის ჩამოყალიბებას.

 

ალტე უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი“ სტუდენტებს საკუთარი ბიზნესისა და ინოვაციური იდეების განვითარებაში ეხმარება. ინდუსტრიის ექსპერტებთან თანამშრომლობით მათ შესაძლებლობა აქვთ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ.

 

 

საერთაშორისო კავშირები და შესაძლებლობები

 

ალტე უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც EFMD Global-ის ასოცირებული წევრი გახდა. წევრობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლას ბიზნესსკოლების საერთაშორისო ქსელთან აკავშირებს და ხელს უწყობს აკადემიურ თანამშრომლობას, პროფესიულ განვითარებასა და ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარებას.

 

სკოლა სტუდენტებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სასწავლო შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მათ შეუძლიათ გაიარონ ACCA Global-ის მიერ აკრედიტებული სასწავლო კურსები, ხოლო ტექნოლოგიური მიმართულებით სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია Cisco Systems-ის, AWS-ის და SAP-ის სასწავლო შესაძლებლობები. აღნიშნული საერთაშორისო კომპონენტები სტუდენტებს ეხმარება პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და მიღებული ცოდნის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებაში.

 

საერთაშორისო გამოცდილების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა გაცვლითი პროგრამებიც. სტუდენტებს შეუძლიათ, სწავლა გააგრძელონ ალტე უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში ევროპაში, აშშ-სა და აზიაში. საფრანგეთის წამყვან ბიზნესსკოლასთან - MBS School of Business-თან პარტნიორობის ფარგლებში კი სტუდენტებს შეუძლიათ 1 წლის განმავლობაში სწავლა საფრანგეთში გააგრძელონ, მიიღონ ერთდროულად 2 - ქართული და ფრანგული დიპლომები და მოიპოვონ ორმაგი ხარისხი.

 

ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაერთიანებით, სკოლა ამზადებს პროფესიონალებს, რომლებსაც შეუძლიათ ახალი იდეების განვითარება, ცვლილებებთან ადაპტირება და ღირებულების შექმნა თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გლობალურ გარემოში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების