Flag 0Flag 1
logo

როგორ უნდა აირჩიო მომავალი პროფესია – 6 კითხვა აბიტურიენტებისთვის

პროფესიის არჩევა ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მოზარდი დამოუკიდებლად იღებს. ბუნებრივია, რომ ამ ეტაპზე ბევრი იბნევა, მით უმეტეს, რომ სკოლა იშვიათად აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული ინტერესები სიღრმისეულად გაიაზროს.
 

„ალტე უნივერსიტეტი“ გირჩევს, იმისთვის, რომ შენი არჩევანი გააზრებული იყოს და არა სხვისი მოლოდინებით ნაკარნახევი, აჯობებს, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
 

რა მაინტერესებს სინამდვილეში?
 

არსებობს შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები იმ მიმართულებებს ირჩევენ, რომლებსაც გარშემომყოფები პრესტიჟულად მიიჩნევენ. თუმცა პროფესიის აქტუალობა მხოლოდ გარეგანი ფაქტორია, ინტერესი კი შინაგანი მოტივაციითაა განპირობებული. სწორედ მოტივაციაა ის, რაც ადამიანს საკუთარ საქმიანობასთან გრძელვადიანად აკავშირებს. სტატუსის გამო შერჩეული პროფესია კი, შესაძლოა, ენთუზიაზმის დაკარგვის მიზეზი გახდეს.
 

თუ საკუთარი ინტერესები ჯერ არ აღმოგიჩენია, აჯობებს, დააკვირდე, რა თემები იქცევს შენს ყურადღებას ყველაზე ხშირად, რა საკითხებს ეცნობი თავისუფალ დროს და რა არის ის საქმიანობა, რომლის კეთებაც არასდროს გბეზრდება.
 

რას გავაკეთებდი სიამოვნებით?
 

ინტერესი და ყოველდღიური საქმიანობა ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, შესაძლოა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით იყო დაინტერესებული, თუმცა მნიშვნელოვანია, განსაზღვრო ისიც, რა გიზიდავს: ადამიანებთან უშუალო კონტაქტი, ანუ პრაქტიკული ფსიქოლოგია თუ კვლევითი საქმიანობა. 

 

იგივე ვრცელდება სხვა სფეროებზეც. კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, შესაძლოა, კოდის წერით დაინტერესდე ან უპირატესობა პროდუქტის მართვას მიანიჭო. თითოეულ მიმართულებას განსხვავებული პროფესიული და კარიერული გზა აქვს.

 

სანამ არჩევანს გააკეთებ, შეეცადე, ზუსტად ჩამოაყალიბო, რა ტიპის ამოცანების გადაჭრა განიჭებს სიამოვნებას. ეს ბევრად უფრო მკაფიო სურათს დაგანახებს, ვიდრე მხოლოდ ზოგადი სფეროს დასახელება.
 

რა შედეგი გსურს, რომ მიიღო შენი საქმიანობიდან?
 

ყველას სხვადასხვა რამ აძლევს მოტივაციას. ზოგისთვის მნიშვნელოვანია სხვების დახმარება, სხვისთვის რაიმე ახლის შექმნაა პრიორიტეტული, ნაწილისთვის კი ფინანსური სტაბილურობა და კარიერული წინსვლაა მთავარი. ამ საკითხზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი საკუთარ თავთან გულწრფელი იყოს და მიღებული გადაწყვეტილება სხვის მოლოდინებს არ მოარგოს.

 

ამ საკითხში გარკვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა იცი, რისთვის შრომობ, ბევრად უფრო მარტივად პოულობ პროფესიას, რომელიც შენს მოლოდინებს ამართლებს.
 

რა ღირებულებები მამოძრავებს?
 

ღირებულებები ის მთავარი ორიენტირია, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს მიმართულებას აძლევს. ამრიგად, ზოგისთვის პრიორიტეტული სამართლიანობაა, სხვისთვის თავისუფლებაა უპირატესი, ზოგისთვის კი სტაბილურობა ან შემოქმედებითობა.

 

მაგალითად, თუ შენთვის დროის თავისუფლად განკარგვაა მნიშვნელოვანი, ფიქსირებული სამუშაო განრიგი, შესაძლოა, დისკომფორტის მომტანი აღმოჩნდეს. ამ არასასიამოვნო განცდას თავად სამუშაო პროცესის საინტერესო შინაარსიც კი ვერ შეცვლის. ამრიგად, ინტერესი გიჩვენებს, რომელი სფერო მოგწონს, ღირებულებები კი განსაზღვრავს, რა პირობებში იგრძნობდი თავს ბედნიერად. 
 

რა ტიპის წინარე ცოდნა დამჭირდება?
 

სხვადასხვა პროფესია განსხვავებულ მომზადებას მოითხოვს. მაგალითად, სამედიცინო სფეროს დაუფლება ბიოლოგიის საფუძვლიან ცოდნას ემყარება, სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე კი ჰუმანიტარული საგნების ფლობა მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა.

 

ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვა იმ მიმართულებაზე, სადაც ჯერ საკმარისი ცოდნა არ გაქვს. პირიქით, თუ ზუსტად განსაზღვრავ, რომელ საკითხებში გჭირდება გაძლიერება, წინასწარ უკეთესად მოემზადები. 
 

 რა ხდება ამ სფეროში დღეს და რა იქნება ხვალ?
 

შრომის ბაზარი მუდმივად იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება და ავტომატიზაცია მრავალ მიმართულებაზე ახდენს გავლენას. დღეს უკვე ზოგიერთი ამოცანა ტექნოლოგიების დახმარებით სრულდება, თუმცა ეს პროფესიების გაქრობას არ ნიშნავს. სინამდვილეში, სამუშაოს შინაარსი იცვლება და ახალი უნარების ათვისება ხდება აუცილებელი.

 

პროფესიის შერჩევისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რა მიმართულებით ვითარდება შენთვის საინტერესო სფერო. ეს შესაძლებლობას მოგცემს, დროულად დაიწყო იმ უნარების განვითარება, რომლებიც მომავალში წარმატების მისაღწევად ყველაზე მეტად დაგჭირდება.
 

ეწვიე ღია კარის დღეს ალტე უნივერსიტეტში
 

ალტე უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ყოველწლიურად ატარებს ღია კარის დღეებს, სადაც ლექტორებთან, პროგრამის კოორდინატორებთან და სტუდენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა გექნება.
 

ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში იმართება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას:
 

  • ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ეწყობა ვორკშოპები მენეჯმენტსა და მარკეტინგში;
  • ინოცავიების ცენტრში პრაქტიკული სესია ტარდება;
  • სამართლის სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება;
  • ფსიქოლოგიის მიმართულებით სტუდენტებს მრავალფეროვანი აქტივობები უტარდებათ, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მეტაფორული ბარათების ტექნიკა.
     

თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომელი მიმართულება შეგეფერება, ღია კარის დღე საუკეთესო შესაძლებლობაა შენთვის, რადგან ერთ სივრცეში რამდენიმე პროგრამას შეადარებ და მეტად ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებ. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა წინასწარ უნდა დარეგისტრირდე.
 

სიახლეების მისაღებად ადევნე თვალი ალტე უნივერსიტეტის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს.

როგორ ავირჩიოთ მომავალი პროფესიაროგორ უნდა აირჩიო მომავალი პროფესია – 6 კითხვა აბიტურიენტებისთვის