იტალიელმა მასწავლებელმა და ფსიქოლოგმა, ლორის მალაგუციმ, 1940-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიაში საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო მიდგომას, რომელიც დღეს Reggio Emilia-ს მიდგომის სახელითაა ცნობილი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული მოსაზრება ასეთია: „გარემო მესამე მასწავლებელია“. ამ ფრაზის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სწავლის ხარისხი მხოლოდ პროფესორსა და სტუდენტზე არ არის დამოკიდებული, რადგან სივრცე, სადაც სწავლა მიმდინარეობს, თავადვე განსაზღვრავს სწავლის ხარისხსა და სტუდენტის მოტივაციას.
რას ამბობს მეცნიერება მოტივაციასა და სასწავლო გარემოს შორის კავშირზე?
ფსიქოლოგებმა, ედვარდ დესიმ და რიჩარდ რაიანმა, ჩამოაყალიბეს თვითგანსაზღვრის თეორია (Self-Determination Theory), რომელიც სამ ფუნდამენტურ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას გამოყოფს: ავტონომიას, კომპეტენტურობასა და სხვებთან კავშირის საჭიროებას.
ავტონომია გარე ზეწოლისგან თავისუფლებას გულისხმობს, კომპეტენტურობა საკუთარი შესაძლებლობების რწმენას ეყრდნობა, კავშირის მოთხოვნილება კი სოციალური მიკუთვნებულობისა და პროცესებში უშუალო ჩართულობის შეგრძნებაა.
ამ სამი პირობის არსებობა სტუდენტში შინაგან მოტივაციას აღვივებს და სწავლის პროცესს მის პირად სურვილად აქცევს. საპირისპიროდ, რომელიმე მათგანის უგულებელყოფისას, სწავლა მხოლოდ გარეგან სტიმულებზე ხდება დამოკიდებული. ასეთ დროს სტუდენტი მხოლოდ მაღალი ქულების მოპოვებას ან სხვისი მოლოდინების გამართლებას ცდილობს.
კამპუსის ფიზიკური და სოციალური გარემო ამ ფაქტორებს ან ხელს უწყობს, ან პირიქით, ზღუდავს მათ. როდესაც სასწავლო სივრცე სტუდენტს სამუშაო ადგილის, დროისა თუ რესურსების შერჩევის თავისუფლებას სთავაზობს, მისი ავტონომიის განცდა ძლიერდება. თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო კი სოციალურ კავშირებსა და ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდას ამყარებს.
რა გავლენას ახდენს ფიზიკური გარემო, ჰაერი, სივრცე და სინათლე სწავლის ხარისხზე?
მოტივაცია ცალსახად მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც სწავლის ხარისხზე უარყოფითად აისახება და მათ შორის შენობის ფიზიკური პირობები ერთ-ერთი უმთავრესია. მაგალითად, სასწავლო დაწესებულებებში ერთ კვადრატულ მეტრზე ოთხჯერ მეტი ადამიანი ნაწილდება, ვიდრე საოფისე გარემოში. ამიტომ, ჰაერის ხარისხი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჟანგბადის ნაკლებობა ძილიანობას, თავის ტკივილს, ყურადღების გაფანტვასა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს. ამის საპირისპიროდ, იმ აუდიტორიებში, სადაც ვენტილაცია გამართულია და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია დაბალია, სტუდენტები აკადემიური ტესტებისას გაცილებით უკეთეს შედეგებს აღწევენ.
ტემპერატურა, ტენიანობა და თავად სივრცის სწორი დაგეგმარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სასწავლო დაწესებულებაში ვენტილაციის სისტემა მოძველებულია და ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის, მაშინ სტუდენტები ისეთ გარემოში იმყოფებიან, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებას ერთდროულად აზარალებს.
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, როგორც მოტივაციის წყარო
ფსიქიატრი სტეფან პორჯესი ნეიროცეფციის ცნებას გამოყოფს და ამბობს, რომ ადამიანის ნერვული სისტემა მუდმივად აკვირდება და აფასებს გარემოს იმის დასადგენად, არის თუ არა ის უსაფრთხო. სტუდენტისთვის ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურია ახალ გარემოში, სადაც ყველაფერი უცხოა და ამიგდალა – ტვინის სიღრმეში მდებარე მცირე ზომის ნუშისებრი სხეული, რომელიც ემოციების მართვასა და გადარჩენის ინსტინქტზეა პასუხისმგებელი – მუდმივად აქტიურ მდგომარეობაშია. ვიდრე სტუდენტი თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს, მისი გონებრივი რესურსი სწავლის პროცესისთვის ბოლომდე მზად არ არის.
ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდას აქვეითებს ბუნდოვანი მოლოდინები, ლექტორებთან არასასიამოვნო ურთიერთობა, შეფასების შიში ან გადატვირთული და მოუწესრიგებელი სივრცე. მსგავს ვითარებაში სტუდენტის რეაქცია შესაძლოა გაუცხოებითა და მოტივაციის დაკარგვით გამოიხატოს.
კამპუსის დიზაინს ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს. მოწესრიგებული სივრცეები და ისეთი ადგილები, სადაც სტუდენტს მშვიდად მუშაობა შეუძლია, ნერვულ სისტემას დამშვიდებაში ეხმარება, რაც მას საშუალებას აძლევს, საკუთარი ყურადღება და კონცენტრაცია სრულად სწავლის პროცესისკენ მიმართოს.
ფიზიკური სივრცის გარდა, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას ინსტიტუციური მხარდაჭერაც აძლიერებს. მაგალითად, „ალტე უნივერსიტეტში“ მოქმედებს სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორის სერვისი, რომელიც ინდივიდუალური კონსულტაციებითა და მენტალური ჯანმრთელობის სემინარებით ეხმარება სტუდენტებს, რომ გამოწვევების წინაშე მარტო არ დარჩნენ.
როგორ გარდაქმნის თანამედროვე კამპუსის გარემო თეორიულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად?
იმისთვის, რომ კურსდამთავრებულმა რეალურ სამუშაო გარემოში თავდაჯერებულად იმოქმედოს, მას სჭირდება სივრცე, სადაც პრაქტიკულ გამოცდილებას უსაფრთხო პირობებში დააგროვებს. ამიტომაც, თანამედროვე კამპუსი სწავლის პარალელურად პროფესიული ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებსა და სივრცეებს უნდა ქმნიდეს.
„ალტე უნივერსიტეტის“ კამპუსი, რომელიც თბილისის ცენტრში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს, სწორედ ამ იდეითაა შექმნილი. მაგალითად, მომავალი ექიმები სიმულაციურ კლინიკაში, OSCE ცენტრსა და სტომატოლოგიის საფანტომო კაბინეტში მუშაობენ. აქ ისინი თეორიულ ცოდნას რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში იყენებენ.
სამართლის პროგრამის სტუდენტები იმიტირებული პროცესების დარბაზში არგუმენტაციასა და სხდომის წარმართვას სწავლობენ. IT სკოლის სტუდენტები კი CISCO-ს, ელექტრონიკისა და გრაფიკული დიზაინის ლაბორატორიებში რეალური ინსტრუმენტებით მუშაობენ. ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს შეუძლია საკუთარ ბიზნესიდეაზე ინდუსტრიის ექსპერტების მხარდაჭერით იმუშაოს.
„ალტე უნივერსიტეტის“ კამპუსის მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება სტუდენტს სწორად დაგეგმილი სივრცე, სიმულაციური ცენტრები და პრაქტიკული რესურსები ცოდნის უკეთ ათვისებაში. როდესაც სასწავლო გარემო სტუდენტის საჭიროებებსა და პრაქტიკულ საქმიანობაზეა მორგებული, ის თავისთავად ხდება მოტივაციის წყარო. ასეთი მიდგომა სწავლას უფრო საინტერესოსა და ეფექტურს ხდის, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ყოველგვარი ბარიერის გარეშე, თავისუფლად ჩაერთოს პროფესიულ საქმიანობაში.


