უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას ბევრ სტუდენტს ერთი და იგივე კითხვა ებადება – იქნებ ყველამ ჩემზე მეტი იცის? ეს შეშფოთება ხშირია ბაკალავრებში, განსაკუთრებით პირველკურსელებში. თუმცა საუკუნეების წინანდელი ფილოსოფიური აზროვნება და თანამედროვე კვლევები საპირისპიროს აჩვენებს და ამტკიცებს, რომ საკუთარი არცოდნის აღიარება სისუსტე კი არა, შემეცნებისა და განვითარების წინაპირობაა.
იმპოსტერის სინდრომი – შიში, რომელიც ბევრ სტუდენტს აერთიანებს
სტუდენტების 80%-ზე მეტს ერთხელ მაინც ჰქონია შიშის განცდა, რომ უნივერსიტეტში დაუმსახურებლად მოხვდა და სინამდვილეში, ის ცხოვრების ახალი ეტაპისთვის საკმარისად მომზადებული არ არის. ამ მდგომარეობას ფსიქოლოგიაში იმპოსტერის სინდრომი ეწოდება და რამდენიმე ძირითად ტიპად იყოფა:
- სუპერგმირი: ამ ტიპის სტუდენტები მუდმივად სხვებზე მეტი ძალისხმევის გაღებას ცდილობენ. მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და უმაღლესი შედეგებით დაამტკიცებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მათ უჭირთ საქმის გაზიარება ან დახმარების თხოვნა;
- პერფექციონისტი: ისინი საკუთარ თავს ყოველთვის მიუღწეველ სტანდარტებს უწესებენ და მცირე შეცდომების დაშვებისთანავე კარგავენ თვითშეფასებას. მაგალითად, პერფექციონისტისთვის 95-ქულიანი შეფასებაც კი მარცხია, რადგან ის მხოლოდ იმ დარჩენილ 5 ქულაზე დარდობს, რომელიც დაკარგა;
- ინდივიდუალისტი: სჯერა, რომ წარმატება მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, თუ მას მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე მიაღწია. დავალებების მომზადების პროცესში სხვისი ჩართულობა მისთვის იმის ნიშანია, რომ თავად არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვს;
- ბუნებით გენიოსი: ამ ტიპის სტუდენტებს ბავშვობიდან ყველაფერი მარტივად გამოსდიოდათ, ამიტომ მათთვის ზრდასრულ ასაკში ნებისმიერი დაბრკოლება დიდ სტრესთან ასოცირდება. თუ რაიმე პირველივე ცდაზე არ გამოსდით, ჰგონიათ, რომ სხვებს ატყუებენ და სინამდვილეში არაფერი იციან;
- ექსპერტი: ფიქრობს, რომ საქმის დაწყებამდე ყველაფერი დეტალურად უნდა შეისწავლოს. ამრიგად, ის თავს არაკომპეტენტურად გრძნობს ყოველ ჯერზე, როცა რაიმე არ იცის, ამიტომ სემინარზე კითხვის დასმას ერიდება.
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ტიპს ერთი რამ აერთიანებს: მათთვის არცოდნა სირცხვილთან ასოცირდება. ეს განცდა განსაკუთრებით მწვავედ უნივერსიტეტის პირველ წელს, ახალ აკადემიურ გარემოში იგრძნობა.
რას ამბობს ფილოსოფია არცოდნის შესახებ
არცოდნის შესახებ ფილოსოფოსები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საუბრობდნენ. მაგალითად, სოკრატე ამბობდა, რომ „მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი” და ეს მოცემულობა მას უპირატესობად მიაჩნდა. მისი აზრით, ყველაფრის ცოდნის ილუზიაა ის მთავარი ბარიერი, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტების ძიებასა და მეტის შემეცნებაში უშლის ხელს. ამ ხედვის მიხედვით, თუ ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი ფიქრობს, რომ მან უკვე ყველაფერი იცის მართვისა და სტრატეგიის შესახებ, ის ახალ იდეებზე ფიქრს შეწყვეტს და განვითარების შანსსაც დაკარგავს.
მსგავსი ხედვა გვხვდება იაპონურ ფილოსოფიაშიც, სადაც არსებობს ე.წ. შოშინის ცნება (Shoshin). ეს ტერმინი ქართულ ენაზე ითარგმნება, როგორც დამწყების გონება და იმ მდგომარეობას აღწერს, როცა ადამიანი ყველაზე მეტი ცნობისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით ხასიათდება. ამ კონცეფციის მიხედვით, პროფესიონალების გონება ხშირად ჩარჩოებით არის შემოსაზღვრული, დამწყებს, ამ შემთხვევაში სტუდენტს, კი წინასწარი განწყობები არ აბრკოლებს და მისთვის ყველა შესაძლებლობა ღიაა.
როგორ აქციო არცოდნის შიში განვითარების შესაძლებლობად?
„ალტე უნივერსიტეტში“ ბევრი ნიჭიერი და განვითარებაზე ორიენტირებული სტუდენტი სწავლობს. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, შესაძლოა, მათ ხშირად გაუჩნდეთ განცდა, რომ საკუთარი მიღწევები საკმარისი არ არის. თუმცა, სტუდენტებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ყველაფრის ცოდნას არავინ ითხოვს. აქ მთავარი კითხვების უშიშრად დასმა და განვითარების სურვილია.
თუმცა, თუ სტატიის პირველ ნაწილში აღწერილ რომელიმე ტიპში საკუთარი თავი ამოიცანი ან არცოდნის უსიამოვნო განცდა შენს შესაძლებლობებს ეჭვქვეშ გაყენებინებს, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაგეხმარება:
- თუ დაგეუფლება განცდა, რომ მედიცინის პროგრამისთვის მზად არ ხარ, ეს ემოციური ფონი შენს რეალურ ცოდნასა და კვალიფიკაციას შეადარე. კონცენტრირდი იმ მიღწევებზე, რომლებმაც „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტობამდე მოგიყვანა;
- ეცადე, რომ კითხვაზე არასწორად გაცემული პასუხი ან მიღებული დაბალი ქულა განიხილო არა როგორც პიროვნული მარცხი, არამედ როგორც ინფორმაცია, თუ რაზე გჭირდება მეტი ფოკუსი;
- ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ იმაზე იფიქრო, რაც ჯერ კიდევ სასწავლი გაქვს, პერიოდულად გადახედე შენს მიღწევებსა და ძლიერ მხარეებს;
- ციფრული პლატფორმები ხშირად მხოლოდ იდეალიზებულ წარმატებას აჩვენებს, რამაც შესაძლოა, არასაკმარისობის განცდა გაგიმძაფროს. ამიტომ, ეცადე, სოციალური ქსელებისგან პერიოდულად შეისვენო და კონცენტრაცია საკუთარ ინდივიდუალურ პროგრესზე შეინარჩუნო;
- გამოიჩინე საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა. გახსოვდეს, რომ უნივერსიტეტში სწავლა შრომატევადი პროცესია და ნორმალურია, თუ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში არ ხარ, მთავარია - მოტივაცია შეინარჩუნო.
„ალტე უნივერსიტეტის“ პროფესიული მხარდაჭერა შენი წარმატებისთვის
შესაძლოა, საკუთარ ეჭვებთან გამკლავება დამოუკიდებლად გაგიჭირდეს და ასეთ დროს მნიშვნელოვანია იცოდე, რომ „ალტე უნივერსიტეტი“ სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორის დახმარებას გთავაზობს.
მენტორის სერვისი სპეციალურად სტუდენტების აკადემიური პროგრესისა და პიროვნული მხარდაჭერისთვის შეიქმნა. თუ ფიქრობ, რომ გჭირდება დახმარება სასწავლო პროცესში ადაპტაციისთვის, მენტალური მხარდაჭერა ან უბრალოდ გსურს უფრო ეფექტურად მართო შენი აკადემიური საქმიანობა, შეგიძლია ჩანიშნო როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაცია.

