რა არის რეზიუმე/CV ?
რეზიუმე, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც CV (Curriculum Vitae, რაც ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ცხოვრების გზას“), არის თქვენი პირადი და პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილების და განათლების მოკლე შინაარსი. მისი მთავარი მიზანია წარმოაჩინოს თქვენი, როგორც კანდიდატის პოტენციალი და მოახდინოს ძლიერი შთაბეჭდილება პერსპექტიულ დამსაქმებლებზე. იგი პიროვნების შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციას იძლევა და დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არანარატიული/არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი, რომელიც ძირითადად შეიცავს თარიღებსა და ფაქტებს. თქვენი CV-ით დამსაქმებელი იქმნის პირველად წარმოდგენას/ შთაბეჭდილებას თქვენზე და ის წარმოადგენს თქვენს ერთგვარ სავიზიტო ბარათს, ამიტომ მნიშვნელოვანია დაუთმოთ მის შედგენას საკმარისი დრო
არ არსებობს CV-ის შედგენის უნივერსალური სტანდარტი. თუმცა არსებობს ძირითადი კომპონენტები, რომლებსაც ყველა CV უნდა შეიცავდეს.
CV-ის სტურქტურა
საკონტაქტო ინფორმაცია: უნდა იყოს ზედა ნაწილში და მოიცავდეს თქვენს სახელს, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართს და LinkedIn პროფილს (სასურველია სამუშაოს ძიებისთვის ეს პლათფორმა გამოიყენოთ). დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არის პროფესიონალური.
მაგ: სახელი.გვარი@alte.edu.ge / ს.გვარი@gmail.com. სასურველი გამოიყენოთ ელ.ფოსტა უნივერსიტეტის ან gmail დომეინები. ეცადეთ, არ გამოიყენოთ mail.ru და მსგავსი დომეინები
განათლება: რადგან კარიერას ახლა იწყებთ, როგორც სტუდენტი/ახალი კურსდამთავრებული, თქვენი განათლება გადამწყვეტია. რეზიუმეში ჯერ მიუთითეთ თქვენი უახლესი საგანმანათლებლო გამოცდილება და მიჰყევით ქრონოლოგიურად უკუსვლით. მიუთითეთ დაწესებულების სახელი, მიმდინარე ან მიღებული ხარისხი და სწავლის დაწყება/დასრულების(თუკი უკვე დაასრულეთ) თარიღები.
მაგ: 2023 წ. - დღემდე ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, ალტე უნივერსტეტი.
ასევე, თუკი დამატებით რაიმე დაწესებულებაში სწავლობთ მაგ.: ენების ცენტრში, კოლეჯში, აკადემიაში და ფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია რელევანტურია იმ პოზიციისთვის, სადაც აგზავნით CV-ს ან ხაზს უსვამს თქვენს ინტერესებს და სამომავლო გეგმებს ესეც მიუთიეთ.
სამუშაო გამოცდილება: როგორც წესი, სამუშაო გამოცდილებაში იმ პოზიციებს ვუთითებთ, რაც რელევანტურია იმ ვაკანსიისთვის, რაზეც ვაგზავნით ჩვენს რეზიუმეს, თუმცა კარიერის საწყის ეტაპზე, ყველა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხაზს უსვამს თქვენს სამუშაო ეთიკას და უნარებს. ამიტომ ამ ველში ჩაწერეთ ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება, სტაჟირება ან მოსახლისე პოზიციები. თითოეული პოზიციისთვის ჩამოთვალეთ თქვენი პოზიციის დასახელება, ორგანიზაციის სრული დასახელება, დასაქმების თარიღები უახლესიდან უძვლეესისკენ. სასურველია თითოეულის ქვეშ მიუთითოთ ძირითადი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, რისი კეთებაც ამ პოზიციაზე გიწევდათ.
მაგ: 01.02.2024 - დღემდე
კონტაქტ ცენტრის მენეჯერი, შპს ალტე უნივერსიტეტი.
ძირითადი მოვალეობები/პასუხისმგებლეობები: შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამის პირებთან გადამისამართება, გამოტოვებული ზარების მონიტორინგი და მათთან დაკავშირება, ყოველკვირეული რეპორტინგი,
01.10.2023 – 01.02.2024 წწ.
კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი, შპს ალტე უნივერსიტეტი.
ძირითადი მოვალეობები/პასუხისმგებლეობები: შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამის პირებთან გადამისამართება, გამოტოვებული ზარების მონიტორინგი.
უნარები: კარიერის საწყის ეტაპზე, და არამხოლოდ, დამსაქმებლისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ველია. აქ ვწერთ ჩვენს რბილ და ტექნიკურ უნარებს, იმას, რაც, ჩვენი სწავლისა თუ მუშაობის პერიოდში შევიძინეთ/განვავითარეთ და რაც, ჩვენი აზრით, შესაფერისს და კონკურენტულს გვხდის აღნიშნული პოზიციისთვის.
მაგ: გუნდურობა და კოლეგიალურობა, შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგელობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაცია, დაგეგმვა და ორგანიზება, სიახლეების ათვისების უნარი, ღიაობა და გამჭვირვალობა, ემპათიურობა, მონაცემთა ანალიზი, პროექტის მართვის ინსტუმენტების ცოდნა და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებელი, სამუშაოს ძიების შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, პირისპირ გასაუბრებისას, აუცილებლად დაგისვამთ შეკითხვებს ამ უნარებზე და გკითხავთ მაგალითებს მათ დასადასტურებლად, ამიტომ უნარების ჩამოწერისას იყავით გულწრფელები და წინასწარ განსაზღვრეთ რას უპასუხებთ მაგალითების სახით.
ენები და საოფისე პროგრამები: ამ ველში უნდა მიუთითოთ ინფორმაცია ენებისა და საოფისე პროგრამების ცოდნისა და მათი დონეების შესახებ, ჩამოწერეთ ყველა ენა და პროგრამა, რაც იცით და აუცილებლად მიუწერეთ რა დონეზე ფლობთ მათ.
მაგ: ენები
ქართული - მშობლიური;
ინგლისური - B2;
რუსული - B1;
იტალიური - A2;
თურქული - A1;
საოფისე პროგრამები:
MS Word - კარგად;
MS Excel - სამომხმარებლო დონეზე;
MS PowerPoint - კარგად;
SPSS - სამომახმარებლო დონეზე;
ტრენინგები/ვორქშოფები/ კურიკულუმის გარე აქტივობები: რეზიუმეში, ცალკე ველი დაუთმეთ ტრენინგებს/ვორქშოფებს და კურიკულუმის გარე აქტივობებს. აქ ჩამოწერეთ ისეთი აქტივობები, რომელიც შესაბამისი იყო აღნიშნული პოზიციისთვის (თუმცა, კარიერის საწყის ეტაპზე, შეგიძლიათ სხვა აქტივობებიც ), უახლესიდან უძველესისკენ ქრონოლოგიით.
რეკომენდატორები: ეს ველი სავალდებულო არ არის, თუმცა დამსაქმებლები ითხოვენ ხოლმე რეკომენდატორებს, ამიტომ წინასწარ მოელაპარაკეთ 2-3 ადამიანს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათი საკონტაქტო გაუზიაროთ დამსაქმებელს და გაგიწიონ რეკომენდაცია.
ფოტოსურათი: ფოტოსურათის ჩასმა აუცილებელი არ არის CV-ში, უფრო მეტიც, ის დისკრიმინაციის შანსებს ზრდის, ამიტომ, თუკი დამსაქმებელი არ ითხოვს ფოტოსურათიან რეზიუმეს, შეგიძლიათ მის გარეშე გააგზავნოთ.
დამატებით რა უნდა გავითავლისწინოთ?
თქვენი რეზიუმე (CV) უნდა მოარგოთ იმ პოზიციას/მოთხოვნებს, რაზეც მიმდინარედ აგზავნით;
ეცადეთ ერთ კომპანიაში, აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციებზე ნუ გაგზავნით CV-ს. ეს აფიქრებინებს დამსაქმებელს, რომ არ იცით ზუსტად რა მიმართულებით გსურთ მუშაობა და არასერიოზულად აღიქვამს თქვენს განაცხადს.
CV უნდა იყოს ლაკონური, მაქს. 2 გვერდი და ადვილად წაკითხვადი. როგორც წესი, დამსაქმებელთა უმრავლესობა 1 წუთზე ნაკლებ დროს უთმობს რეზიუმეს გადაკითხვას, სანამ გვერდზე გადადებს;
თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ყურადღება გაამახვილეთ განათლებასა და ტრენინგებზე, მოხალისეობრივ აქტივობებსა და პრაქტიკებზე;
მუდმივად განაახლეთ თქვენი რეზიუმე სამუშაო გამოცდილების დაგროვებასთან ერთად;
ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ შეცდომებსა და პუნქტუაციას;
რეზიუმეს გაგზავნისას გამოიყენეთ PDF ფორმატი, ამით დაცული იქნებით ტექნიკური ხარვეზებისგან. (word-ის ფაილი შეიძლება ყველა კომპიუტერმა ვერ გახსნას ან გახსნას და არეული იყოს ფონტი);
სანამ გაგზავნით ელ.ფოსტას, ყურადღებით გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ნამდვილად მიაბით ფაილი;
რეზიუმე, აუცილებლად, პროფესიონალური ელ.ფოსტიდან გაგზავნეთ. Subject-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ( და თუ რამე მოთხოვნილია დამატებით) და შესაბამისი ტექსტით გაგზავნეთ.
CV პირველი სამუშაოსთვის
კარიერი საწყის ეტაპზე, როდესაც არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, რეზიუმეს შექმნა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ. თუმცა ასეთ დროს, საწყის პოზიციებზე, დამსაქმებელები ნაკლებად არიან ორიენტირებულნი თქვენ სამუშაო გამოცდილებაზე. ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თქვენს განათლებას, ინტერპერსონალურ უნარებსა და ინტერესებს.
პირველი რეზიუმესთვის, უპირატესობა მიანიჭეთ იმ უნარებსა და თვისებებს, რომლებიც პერსპექტიულ კანდიდატად გაქცევთ, როგორიცაა გუნდური მუშაობა, ადაპტირება და სწავლის სურვილი და ა.შ. ასევე, ხაზი გაუსვით თქვენს განათლებას, ვორქშოფებსა და ტრენინგებს და ყველა იმ კურიკულუმის გარე აქტივობებს, საიდანაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაფერისს ხდით აღნიშნული პოზიციისთვის.
CV-ის ფორმები
უფასო Template - https://create.microsoft.com/en-us/templates/resumes
უფასო Template - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en
უფასო Template - https://mycv.ge/en/builder
გისურვებთ წარმატებებს😊
დამატებითი ინფორმაციისთვის/კითხვებისთვის/კონსულტაციისთვის - მოგვწერეთ careerservices@alte.edu.ge