ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, აყალიბებენ მართვის სფეროში დივერსიფიცირებული ცოდნის სპეციალისტებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. სკოლის ხელმძღვანელობა დააკადემიური პერსონალი მუდმივად ზრუნავს მართვის ინოვაციური და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების საფუძველზე დაამკვიდროს განათლების მაღალი სტანდარტები, პერმანენტულად განაახლოს სწავლების მეთოდოლოგია, განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამები და შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო სასწავლო გარემო.
ბიზნესის სკოლის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული ანტრეპრენერული აზროვნებისა და მუხტის მქონე ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება, რომლებიც იქნებიან გლობალურად კონკურენტუნარიანები. ჩვენს კურსდამთავრებულებს ექნებათ მარკეტინგის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და ანტრეპრენერობის მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა და ტრანსფერული უნარ-ჩვევები, იმისათვის, რომ შეძლონ როგორც საკუთარი წარმატებული ბიზნესის შექმნა,ასევე არსებული კომპანიების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ჩვენი სკოლა სტუდენტებს სთავაზობს ანტრეპრენერობის სპეციფიკის შესწავლას პირველივე სემესტრიდან, ბიზნეს იდეის განვითარებისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას start-up გარაჟის მეშვეობით, შიდა დაფინანსებისა და სტიპენდიების მიღების შესაძლებლობას.
ბიზნესის სკოლა მსოფლიოში აპრობირებულია მოწინავე გამოცდილების გაზიარებითა და ეროვნული თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებით ემსახურება პროფესიონალი კადრების მომზადებას. ბიზნესის სკოლაში მოქმედი პროგრამები ორიენტირებულია პრაქტიკის კომპონენტის გაღრმავებაზე და პროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სწავლის მეთოდების გამოყენებაზე.
აღსანიშნავია, რომ სკოლის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გადიან კვალიფიციური სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საჯარო, კერძო და ანალიტიკურ სტრუქტურებში, რომლებიც მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი სტუდენტები იღებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებული ანალოგიური პროგრამების გაზიარებით და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეული უცხოელი პროფესორებისაგან.
სტუდენტებს აქვთ საშუალება საფუძვლიანად დაეუფლონ უცხო ენებს, რათა სწავლისა და პრაქტიკული საქმიანობის პროცესში ეფექტურად შეძლონ უცხოენოვანი ლიტერატურის გამოყენება.
ჩვენი ძლიერი მხარეა კვლევასა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სწავლება, მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა.