ალტე უნივერსიტეტი

თორნიკე ზირაქიშვილი

თორნიკე ზირაქიშვილი არის სსიპ "აწარმოე საქართველოს" დირექტორის მოადგილე. როგორც თავად გვირჩევს - საქმის ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია დროის სწორად გადანაწილების უნარი, დამოკიდებულება და ახალი იდეებისა და ცვლილებების მიმღებლობა. გაიგეთ მეტი იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც აშშ-ში ბაკალავრიატის პროგრამის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება და საკუთარ ქვეყანაში წარმატებისკენ სვლა.
რომელი პროგრამა დაასრულეთ ალტე უნივერსიტეტში?
აშშ-ში (University of West Georgia) ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, გადავწყვიტე, სამსახურის პარალელურად, საქართველოში დამატებით გამეგრძელებინა კვალიფიკაციის ამაღლება. ჩავაბარე ალტე უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და მივიღე მაგისტრის ხარისხი.
ალტე უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ...
მაგისტრის ხარისხის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როგორც ჩემი პროფესიული კარიერისათვის, ასევე, ამ სფეროში პირველი აკადემიური ნაბიჯებისთვისაც. გარკვეული პერიოდი ვკითხულობდი ლექციებს და ამასთან ერთად, დავინიშნე ალტე უნივერსიტეტში ასისტენტის აკადემიური თანამდებობაზე. ორივე მიმართულებამ სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა.
ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა…
სსიპ - აწარმოე საქართველოში დირექტორის მოადგილე - სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციაა, რომელსაც სამი ძირითადი მიმართულება აქვს: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ექსპორტის მხარდაჭერა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
რატომ უნდა ისწავლონ სტუდენტებმა ტურიზმის ადმინისტრირების მიმართულებით და რამდენად მოთხოვნადია დღესდღეობით აღნიშნული სფერო ქართულ შრომით ბაზარზე?
ამ მიმართულებით განათლების მიღება გიყალიბებს უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებაც საკმაოდ ბევრი სახის საქმიანობაში არის შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოთ და შეუსაბამოთ ერთმანეთს თქვენი ინტერესთა სფეროები და ბიზნესის ქვე-მიმართულებები: მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, თუ სხვა. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება თქვენს კარიერაში. შეეცადეთ იყოთ კომუნიკაბელურები, რადგან ამ სფეროში ღირებულება ინფორმაციით იქმნება და ამჟამინდელ, თუ სამომავლო, პარტნიორებთან/მეგობრებთან კონტაქტი შეიძლება გადამწყვეტი იყოს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, შეეცადეთ პარალელურად სტაჟირების ან სხვა გზით მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, ეს დაგეხმარებათ უკეთესად შეაფასოთ იმ საკითხების მნიშვნელობა, რომელსაც უნივერსიტეტი ცოდნის სახით გაწვდით. როგორც აღინიშნა, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია მუდმივად ახალი კონცეფციებისა და საკითხების შესწავლა. შესაბამისად, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის და უნარების პარალელურად, აუცილებელია, გამოიმუშაოთ მიდგომები, რომელთა დახმარებითაც რეგულარულად გაეცნობით ახალ იდეებსა და განსხვავებულ მოსაზრებებს.
ჩემი დღევანდელი საქმიანობა მნიშვნელოვანია, რადგან...
სააგენტო ხელს უწყობს ასობით და ზოგ შემთხვევებში, ათასობით მცირე და საშუალო ბიზნესის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამასთან, მუშაობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე და ყოველწლიურად ჩართულია ათობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. აქედან გამომდინარე, კი შემიძლია დავადასტურო საქმის მნიშვნელობა, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის.
რას ნიშნავს ჩემთვის საქმე..
საქმე მიზნების მიღწევის პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ საქმის მიმართ საკმაოდ მჭიდრო ემოციური დამოკიდებულება მაქვს. საქმეში წარმატებას პირად წარმატებად აღვიქვამ და იმავე თვალსაზრისით, წარუმატებლობა, გარკვეულ წილად, იმედგაცრუებაა.
თუ შენი პროფესია გიყვარს..
თავისუფალი დროის ნაწილსაც უთმობ მას.
წარმატება ჩემთვის არის…
როდესაც მიაღწიე ზღვარს, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას დაეხმარო სხვა ადამიანებს განვითარებასა და წინსვლაში.
იდეა არის ის, რაც…
იდეა არის კრეატიულობისა და მიზნების გადაკვეთის წერტილი; ინფორმაციის კონცენტრაცია ისეთი სახით, რომ მას ენიჭება მნიშვნელობა. შესაბამისად, იდეა ნებისმიერი საკითხის შეცნობის და სამომავლო განვითარების საწყისი წერტილია.
3 ძირითადი თვისება, რაც მნიშვნელოვანია საქმის ეფექტურად წარმართვისთვის...
დროის სწორად განაწილების უნარი - ყოველთვის ვცდილობ, მცირე საკითხები, დაუყოვნებლივ გადავწყვიტო, რომ შედარებით უფრო მსხვილ მიმართულებებსა და თემებს მეტი დრო და ყურადღება დავუთმო. საქმის მიმართ დამოკიდებულება - მნიშვნელოვანია, საქმეში წარმატებას, პირად წარმატებად აღიქვამდე და მასში ხედავდე საკუთარი თავის განვითარების და დახვეწის შესაძლებლობას. ახალი იდეებისა და ცვლილებების მიმღებლობა - ყველა ადამიანი საკუთარი აზრის(ების) მიმართ მიკერძოებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალ იდეებს და ცვლილებებს საღი თვალით შევხედოთ. (გვქონდეს აღქმა, რომ შეიძლება ჩვენი აზრი ყველაზე სწორი არ არის).
ადრე ვფიქრობდი, რომ...
საჭირო იყო, ერთ საკითხის სრულყოფილად შესწავლა და სპეციალიზაცია. ამჟამად, კი მჯერა, რომ თუნდაც უკეთესი სპეციალიზაციისათვის, აუცილებელია დივერსიფიცირებული გამოცდილება და სხვადასხვა მომიჯნავე (ან თუნდაც განსხვავებული) საკითხის და დარგის შესწავლა.
რას ეტყოდით მომავალ სტუდენტებს, რომლებიც ბიზნესის მიმართულებით აპირებენ სწავლის გაგრძელებას?
წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია მუდმივად ახალი კონცეფციებისა და მიმართულებების შესწავლა. შესაბამისად, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის და უნარების პარალელურად, აუცილებელია, გამოიმუშაოთ მიდგომები, რომელთა დახმარებითაც რეგულარულად გაეცნობით ახალ იდეებსა და განსხვავებულ მოსაზრებებს.
თქვენი სამოტივაციო ფრაზა...
ორი ფრაზა მახსენდება:
“You are what you think about all day” – Allen Ginsberg
“I never met a person from whom I did not learn something” – John Wooden