ალტე უნივერსიტეტი

ოთარ ჯავახაძე

ოთარ ჯავახაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ტაქტიკური მომზადების სამსახურის მთავარი ინსტრუქტორია. მან დაასრულა ალტე უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა. 
მისი მოსაზრებით, “მთავარია, რომ საქმიანობის პროცესით ისიამოვნო და გქონდეს უდიდესი მოტივაცია აკეთო შენი საქმე საინტერესოდ.” 
რომელ პროგრამაზე სწავლობდით ალტე უნივერსიტეტში?
ალტე უნივერსიტეტთან საკმაოდ დიდ ხნიანი მეგობრობა მაკავშირებს. აქ დავასრულე, როგორც სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, ასევე სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2019 წელს კი მეორედ გადავწყვიტე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა და არჩევანი, რა თქმა უნდა, ისევ ალტე უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე შევაჩერე.
 ალტე უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ…
უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ სასიამოვნო, თანამედროვე და მეგობრულ გარემოში მიმეღო პროფესიული და აკადემიური ცოდნა. დამატებით, კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის შესაძლებლობა, რასაც პრაქტიკოსი ლექტორების გამოცდილების გაზიარება ჰქვია და რაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია სწავლების პროცესში.
შენი აზრით, რატომ უნდა დაინტერესდნენ სტუდენტები ან საჯარო მოხელეები აღნიშნული სამაგისტრო პროგრამით?
ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა არის უნიკალური თავისი შინაარსით, რადგან ის მოიცავს აკადემიურ ჭრილში ამ დრომდე აუთვისებელ მიმართულებას - უსაფრთხოების ნაწილს. გლობალიზაციის პირობებში საქართველოში და მსოფლიოში არსებობს გამოწვევები, რისკები და საფრთხეები. ეს პროგრამა კი არსებული ვითარების გაცილებით სწორად აღქმისა და შეფასების რეალური შესაძლებლობაა. ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც სამაგისტრო პროგრამის მსმენელი იღებს არის უსაფრთხოების სფეროსთვის გამოცდილი და პროფესიონალი კადრის მომზადების მყარი საფუძველი. ამის ნათელი მაგალითი კი ის კონკრეტული საგნებია, რომლებიც ისწავლება აღნიშნულ პროგრამაზე, მაგ: კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჰიბრიდული ომის წარმოების მექანიზმები და სხვა. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებული საგნების შესწავლა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება, აუცილებელია, როგორც თითოეული საჯარო მოხელისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.
სად მუშაობთ ამჟამად?
ამჟამად ვმუშაობ სსიპ–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ტაქტიკური მომზადების სამსახურში, მთავარი ინსტრუქტორის პოზიციაზე. ვარ პოლიციის მაიორი.
გეხმარებათ თუ არა ჩვენთან მიღებული ცოდნა თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში?
უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მომცა რეალური შესაძლებლობა, რომ ჩემი კარიერის დასაწყისში წარმატებით დამეძლია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორიცაა: პროფესიული ტესტირებები, გასაუბრებები და ა.შ. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო აკადემიური მიმართულება, რომლითაც ძალიან ვარ დაინტერესებული და რომელშიც აქტიურად ვიყენებ სწავლის პროცესში დაგროვილ ცოდნას.
თუ შენი პროფესია გიყვარს…
ვფიქრობ, საქმისადმი სიყვარული გეხმარება ყოველდღიური რუტინისა და წარუმატებლობების გადალახვაში. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი შენი პროფესია ნამდვილად გიყვარს, არ იმჩნევ სირთულეებს და გაბედულად განაგრძობ წინსვლას.
ჩემთვის „წარმატება“ არის…
ვფიქრობ წარმატება ყველასთვის სხვადასხვანაირად იზომება. პირადად ჩემთვის იგი არის ის შედეგი, რომელიც განიჭებს სიხარულს. ვფიქრობ, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების განცდა და აღქმა აბსოლუტურად განსხვავებულია. იგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგანაც გამოვყოფდი შეუპოვრობას, რომელიც გაძლევს მოტივაციას ყოველთვის ეძიო რაღაც ახალი, ვითარდებოდე, არ შეუშინდე სირთულეებს და ფიქრობდე მუდმივად წინსვლაზე.
რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ცხოვრების ახალ ეტაპზე?
იყავით ორგანიზებულები, დასვით კითხვები, შეუპოვრად ეძიეთ პასუხები და მიჰყევით თქვენს ოცნებას!
თქვენი სამოტივაციო ფრაზა...
სამოტივაციო ფრაზა ბევრი მაქვს, თუმცა ერთ-ერთს სიამოვნებით გაგიზიარებთ:
Falling down is an accident, staying down is a choice.