ალტე უნივერსიტეტი

მეგი ჯაყელი

 მეგი ჯაყელი სსიპ მედიატორთა ასოციაციაში სერტიფიცირების, განათლებისა და წევრობის მართვის სამსახურის სპეციალისტია. მისი მოსაზრებით, სწორი პროფესიის შერჩევა შრომით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა, ხოლო თითოეული წამოწყებული ახალი საქმე კი თვითრწმენასა და უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს. 
რომელ პროგრამაზე სწავლობდით ალტე უნივერსიტეტში?
ვსწავლობდი ალტე უნივერსიტეტის კერძო (ბიზნესის) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
რა შესაძლებლობა მოგცათ სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამამ?
ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი, ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ნამდვილად არის მიზეზი იმისა, რომ დავინტერესდი სამართლის მრავალმხრივი და სპეციფიკური მიმართულებებით. მათ გამიღვივეს ინტერესი და გამიჩინეს უდიდესი მოტივაცია, რაც თითოეული სტუდენტისთვის დიდი ბედნიერებაა. გარდა ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თავისუფალი, კომფორტული და სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული გარემო, სადაც მექნებოდა მრავალ სამართლებრივ საკითხზე მსჯელობის, ლოგიკური აზროვნებისა და დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა.
გარემო, სადაც არ იქნებოდა სწავლა მხოლოდ სწავლისთვის...
სწორედ ალტე უნივერსიტეტია ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აძლევს სტუდენტს იმ უნარების განვითარების შესაძლებლობას, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის კარიერული განვითარების გზაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი სამართლის სფერო?
რა თქმა უნდა, ვრცელი თემაა, თუმცა მოკლედ ვიტყვი: სამართალი არის ადამიანთა უფლებების დაცვის საშუალება, ერთგვარი სოციალური შეთანხმება, რომელიც იცავს საკუთრივ შენს უფლებებს და აგრეთვე, გიწესებს გარკვეულ საზღვრებს სხვათა უფლებების დასაცავად.
რას საქმიანობთ ამჟამად?
ამჟამად ვმუშაობ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“, მედიატორთა სერტიფიცირების, განათლებისა და წევრობის მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. საწყის ეტაპზე აღნიშნულ ორგანიზაციაში ვიყავი ჩართული სტაჟირების პროგრამაში და უკვე რამდენიმე თვეა, რაც დავინიშნე ზემოხსენებულ პოზიციაზე.
მარტივად რომ ავხსნათ, რა არის მედიაცია და რატომ არის მისი შესწავლა მნიშვნელოვანი?
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც მხარეებს ეხმარება სასამართლოს გარეშე და ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე მიაღწიონ შეთანხმებას.
რატომ მედიაცია?
დღევანდელ რეალობაში მედიაცია მესახება, როგორც ყველაზე სწრაფ, მოქნილ, მხარეთა საჭიროებებზე მორგებული დავის გადაჭრის საშუალებად, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და რომელიც ორიენტირებულია ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისკენ.
თუ შენი პროფესია გიყვარს...
სწორი საქმიანობის/პროფესიის შერჩევა შრომით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა, დინამიკურად საქმიან რეჟიმში ყოფნა კი კატალიზატორია საკუთარი თავის ფორმირების გზაზე. თითოეული წამოწყებული ახალი საქმე ხომ თვითრწმენასა და ნებისყოფას მოითხოვს, რომელიც წარმატებული საქმის საწინდარია.
წარმატება არის...
ჩემი აზრით, არ არსებობს “წარმატების“ ერთგვაროვანი განსაზღვრება, თუმცა ცალსახაა, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ქმედებებში ასახული ფიქრები, დროისა და რესურსის სწორი მენეჯმენტი და სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები. შესაბამისად, პირადად ჩემთვის წარმატება არის კეთილგონივრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც სასურველი შედეგების მიღწევის საფუძველია და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია: გაბედული ნაბიჯები, ხასიათის სიმტკიცე, მაღალი პასუხისმგებლობა და რწმენა მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
რას ურჩევდით მომავალ სტუდენტებს, რომლებიც სამართლის მიმართულებით აპირებენ სწავლის გაგრძელებას?
არ შეუშინდეთ გამოწვევებს, აქციეთ ყველა დაბრკოლება შესაძლებლობად!
სამოტივაციო ფრაზა, რომელსაც აბიტურიენტებსა და სტუდენტებს გაუზიარებდით...
ახალი შესაძლებლობა თითოეული დაბრკოლების განუყოფელი ნაწილია - ალბერტ აინშტაინი