ალტე უნივერსიტეტი

მარიამ მაისურაძე

მარიამ მაისურაძე, რუსთავი-2 ის ჟურნალისტი.
რომელი პროგრამა დაასრულეთ ალტე უნივერსიტეტში?
2018 წლიდან მობილობით გადმოვედი ალტე უნივერსიტეტში და დავასრულე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერულ განვითარებაში. იყო ბევრი საინტერესო საგანი, მნიშვნელოვანი თემა და პროფესიონალი ლექტორებისგან მიღებული საჭირო რჩევები. თავისუფლად შემიძლია აღვნიშნო, რომ შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, მათ შორის ლექტორებიც.
რატომ ჟურნალისტიკა?
ბავშვობიდან მინდოდა პოლიტოლოგობა, მსახიობობა, მოდელობა, ყველაზე მეტად კი ფეხბურთელობა მინდოდა. უკვე 15 წლიდან სრულიად ნათლად გავიაზრე ჩემი მომავალი პროფესია და 17 წლიდან მუშაობაც კი დავიწყე ამ მიმართულებით. ასე რომ, დღესდღეობით საკმაოდ ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. ჟურნალისტიკა ეს ის სფეროა, რომელიც მოითხოვს ბევრ ენერგიას, ენთუზიაზმსა და დაუღალავ შრომას.
პირველი პროფესიული გამოცდილებიდან დღემდე…
პირველი გამოცდილება ტიფლის TV-ზე მივიღე და საკმაოდ პოზიტიურად ვიხსენებ, იმიტომ რომ 17 წლის გახლდით და ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში,სადაც ვიყავი ასტროლოგიური გადაცემის წამყვანი. ასევე, იყო ტელეკომპანია იმედი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყავი სტაჟიორი, თუმცა უკვე 2 წლის განმავლობაში ოფიციალურად დავსაქმდი საინფორმაციო სამსახურში. რაც შეეხება ამჟამინდელ სამუშაო გამოცდილებას, უკვე მეოთხე წელია ვარ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი, სამი წელი ვმუშაობდი გადაცემა “დილა უქმეებზე”, ამ ეტაპზე კი ვმუშაობ შუადღის გადაცემა „ვუიქენდზე“. ტელევიზიამ მომცა სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა. კერძოდ ვიყავი გარკვეული დროის განმავლობაში პროდიუსერი, კორესპონდენტი და თანაწამყვანიც.
რატომ არის ეს პროფესია გამორჩეული და თუ გამოყოფდი რომელიმე მიმართულებას?
დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად გამორჩეულია. ჟურნალისტიკა ყველა სფეროს მოიცავს და არასოდეს არის ერთფეროვანი. წარმოიდგინეთ, ხართ ძალიან რთულ კონკურენციით სავსე გარემოში და ცდილობ იპოვო საკუთარი თავი ამ პროფესიაში, ეს პროცესი არის ძალიან საინტერესო და ვფიქრობ სასიამოვნოც. რაც შეეხება მიმართულებას, მომწონს მუშაობა, როგორც ანალიტიკურ, ასევე გასართობ თემებზე. ჯერჯერობით ჩემს თავს ვერ ვხედავ საინფორმაციოში, თუმცა არაფერია გამორიცხული.
ჩემი ფავორიტი სიუჟეტია...
სიამოვნებით გამოვყოფდი სიუჟეტს ფარავნის ტბის შესახებ, რომელსაც მისი ისტორიაც აქვს. დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა გადამეღო ფარავნის ტბის მებადურები, რომელთაც მივიწყებული ტრადიცია გააცოცხლეს და თავიანთი შემოსავლის წყაროდაც კი აქციეს. ფარავნის ტბის მებადურები ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და მახარებს, რომ სწორედ მათ შეინარჩუნეს თევზაობის უძველესი და განსაკუთრებული ტექნიკა საქართველოში.
*დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველიც ძალიან მოიხიბლება აღნიშნული სიუჟეტით. გთავაზობთ ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=qF27luth6lw;
დაასრულეთ ფრაზა: როცა შენი პროფესია გიყვარს...
როცა შენი პროფესია ნამდვილად გიყვარს, შეუძლებელი არაფერია.
რა არის წარმატება ჩემთვის…
ჩემთვის წარმატებაა ის, როდესაც ვაკეთებ საქმეს, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა და ასევე, უმნიშვნელოვანესია შეცდომებზე სწავლა.
დაასახელეთ 3 ძირითადი თვისება, რაც გჭირდებათ საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის…
შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, მოთმინების უნარი!
არასოდეს მეზარება…
ჩემი საქმის კეთება. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს ის ეზარება, რითაც მთელი დღე, კვირა, თვე, წლები არის დაკავებული, მაშინ არასწორ ადგილას არის და საქმიანობის სფერო სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.
საბოლოოდ, რას ურჩევთ აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ სწავლას ჟურნალისტიკის მიმართულებით?
აბიტურიენტებო, ჩემო მეგობრებო, გულწრფელად გეტყვით, რომ ჟურნალისტიკას სჭირდება უზღვავი ენერგია და მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ. ეს საქმე, პირველ რიგში, უნდა მოგწონდეთ და გიყვარდეთ. ასე რომ, გირჩევთ, არასოდეს გაჩერდეთ! კიდევ ერთი პრაქტიკული რჩევა მექნება, რომელიც საკუთარმა გამოცდილებამ მასწავლა. თუკი ჟურნალისტიკის საგნებთან ერთად, თუნდაც თავისუფალი კრედიტების სახით შეისწავლით სხვადასხვა სკოლის ფუნდამენტურ საგნებს, ეს იქნება თქვენთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჟურნალისტი იცნობდეს თითქმის ყველა სფეროს.
რას ურჩევთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს?
არასდროს დანებდეთ და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ყოველთვის იბრძოლეთ საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა იცოდეთ, რომ მიზანს მხოლოდ ის აღწევს ვინც კეთილსინდისიერად იბრძვის.