მედიცინის პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს სამედიცინო პრაქტიკისთვის აუცილებელი უახლესი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, უნარები და ღირებულებები და შედეგად, მოამზადოს საერთაშორისო დონის, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი დიპლომირებული მედიკოსი.
პროგრამა ხორციელდება სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა:
- ლექცია;
- სამუშაო ჯგუფში მუშაობა;
- დისკუსია;
- ახსნა-განმარტება;
- პრეზენტაცია;
- შემთხვევის ანალიზი;
- გონებრივი იერიში;
- პრაქტიკული მეცადინეობა;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
- ინდუქციურ-დედუქციური მეთოდები;
- ანალიზის მეთოდი;
- სინთეზის მეთოდი;
- ლაბორატორიული მეცადინეობა;
- ვირტუალური რეალობის ფორმატში (მათ შორის სამ განზომილებიან გარემოში) საბაზისო მეცნიერებების (ანატომია, უჯრედის ბიოლოგია, ულტრაბგერა და ა.შ.) შესწავლა;
- კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება (CBL);
- კლინიკურ გარემოში სწავლება (Bedside Teaching);
- როლური თამაშები;
- სწავლება სიმულატორების გამოყენებით და სხვა.
პროგრამის ძირითადი ასპექტები
პროგრამა გთავაზობთ:
- სწავლების ინტეგრირებულ მეთოდს - სწავლების ინოვაციური მიდგომით, რომელიც საბაზისო და კლინიკური დისციპლინების ჩართულობით ორგანოთა სისტემების ერთ სიბრტყეში განხილვასა და მედიცინის დარგში ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების განვითარებას მოიცავს.
პროგრამა 4 ფაზად არის წარმოდგენილი:
I ფაზა - საბაზისო - საბაზისო დისციპლინების (ბიოქიმია, ანატომია, ფიზიოლოგია და ა.შ) ინტეგრაცია კლინიკურ საგნებთან (რადიოლოგია, კლინიკური უნარები და ა.შ), რაც სტუდენტის მიერ თითოეული სასწავლო კურსის კლინიკური კუთხით აღქმას უწყობს ხელს;
II ფაზა - პრეკლინიკური - დაავადებათა სინდრომული და სიმპტომური შესწავლა პაციენტის ფიზიკური შეფასებისა და კლინიკური უნარების განვითარების გზით;
III ფაზა - კლინიკური: ცალკეული დაავადების განხილვა სხვადასხვა დისციპლინაში (მეანობა-გინეკოლოგია, პედიატრია, შინაგანი დაავადებები, ქირურგია და ა.შ). სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჰოსპიტალში, კლინიკური როტაციების სახით;
IV ფაზა - კლინიკური პრაქტიკისა და კვლევის ფაზა - ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და უნარების გამოყენება ჰოსპიტალურ გარემოში (კლინიკური პრაქტიკა, პროცედურები პაციენტებზე და ა.შ), დამოუკიდებლად და ხელმძღვანელის მეთვალყურეობის გარეშე; სამედიცინო კვლევის განხორციელება; - ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, ქართველ და უცხოელ მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებსა და სხვა;
- სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;
- პრაქტიკის გავლას როგორც Evex-ის ჰოსპიტლების ჯგუფში შემავალ კლინიკებში (მათ შორის ექსკლუზიურად ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში), ასევე სხვა პარტნიორ კლინიკებსა და სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში;
- United State Medical Licensing Examilation (USMLE) - ამერიკის შეერთებულ შტატებში რეზიდენტურის მსურველთათვის მოსამზადებელ კურსებს;
- Foreign Medical Graduate Examination (FMGE) - ინდოეთში რეზიდენტურის მსურველთათვის მოსამზადებელ კურსებს;
- გაცვლით პროგრამებს ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:
- ბიოსამედიცინო, ქცევითი, სოციალური და კლინიკური მეცნიერებების ფუნდამენტური საკითხების სისტემურ ინტერპრეტაციას კლინიკური პრობლემის დროს;
- სამედიცინო გარემოში ეფექტური კომუნიკაციით შეკრებილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გაუწიოს კონსულტაცია პაციენტს/პაციენტის ახლობლებს, დაამყაროს კომუნიკაცია კოლეგებთან და საზოგადოებასთან ეთიკურ-სამართლებრივი პრინციპების დაცვით;
- ფიზიკური შეფასების, დაავადების კლინიკური მანიფესტაციის სირთულის იდენტიფიცირების, შესაბამისი კვლევების დანიშვნის, დიფერენცირებული დიაგნოზის გატარებით დაადგინოს საბოლოო დიაგნოზი და იმსჯელოს დაავადების მართვის გეგმის შესახებ;
- გაუწიოს პირს პირველადი გადაუდებელი დახმარება ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ჩაატაროს პირველადი გადაუდებელი დახმარება (გულ-ფილტვის რეანიმაცია - Cardio Pulomary Ressusitation) სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (Basic Life Support - BLS) საფუძველზე. ასევე, განახორციელოს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობების გადაუდებელი მართვა (Advanced Cardiovascular Life Support - ACLS) - ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებითა და სახელმძღვანელო პრინციპების (გაიდლაინების) შესაბამისად;
- ჩაატაროს კლინიკურ მდგომარეობასთან შესაბამისი მედიკამენტოზური თერაპია, მათი თავსებადობის, გვერდითი, არასასურველი ეფექტების ურთიერთქმედებისა და ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით;
- ჩაატაროს სავალდებულო სამედიცინო პრაქტიკული პროცედურები დამოუკიდებლად, სიმულატორსა ან პაციენტზე (ზედამხედველობის ქვეშ), უსაფრთხოების გათვალისწინებით, ეთიკურ-სამართლებრივი პრინციპების დაცვით;
- წარმართოს სამედიცინო საქმიანობა მულტიკულტურულ საზოგადოებაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენებით;
- ეფექტიანად გადაჭრას კლინიკური პრობლემები და მიიღოს გადაწყვეტილებები კრიტიკულ სიტუაციაში, ეფექტურად იმუშაოს როგორც გუნდის წევრმა, ასევე ლიდერმა;
- მართოს მწვავე და ქრონიკული დაავადებები პაციენტის ასაკის, დაავადების ტიპისა და ფსიქოლოგიურ-სოციალური ასპექტების გათვალისწინებით;
- მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების გათვალისწინებით, მოიძიოს სამედიცინო ლიტერატურა;
- კრიტიკული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ჩამოაყალიბოს დასკვნები, აკადემიური პატიოსნებისა და ეთიკური კონტექსტის გათვალისწინებით;
- ეფექტურად გამოიყენოს საინფორმაციო ტექნოლოგიები სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის, კონფიდენციალურობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად;
- მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და ინტერდისციპლინურ და მულტიკულტურულ გარემოში, მიუკერძოებლად, ეთიკის ნორმების დაცვით, გადაწყვეტილების უნარის მქონე ლიდერის პოზიციიდან განახორციელოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება;
- აწარმოოს კვლევები სამედიცინო გარემოში, გამოიტანოს დასკვნები და გასცეს რეკომენდაციები ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებისა და ჯანმრთელი პოპულაციის უზრუნველყოფის მიზნით;
- პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.