თანამედროვე ცხოვრების სწრაფი განვითარება მოითხოვს ყველა სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რისთვისაც საჭიროა ტექნოლოგიური და საინჟინრო სფეროების სპეციალისტების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე.
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ძირითადი მახასიათებლებია:
- ინოვაციური სწავლება;
- მორგებულია ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის საჭიროებებზე;
- თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო კურსები;
- მჭიდრო პარტნიორობა პოტენციურ დამსაქმებლებთან.
პროგრამის მიზანი
ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპიუტერული მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, შეძლებს არსებული პროგრამული პროდუქტების ანალიზსა და განვითარებას ან ახალი პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას სხვადასხვა სფეროს ამოცანებისთვის, თანამედროვე სტანდარტებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით.
სწავლის მეთოდები
პროგრამა ხორციელდება სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა: ლექცია, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსია, ახსნა-განმარტება, პრეზენტაცია, შემთხვევის ანალიზი, გონებრივი იერიში, პრაქტიკული მეცადინეობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), ინდუქციურ-დედუქციური მეთოდები, ანალიზის მეთოდი, სინთეზის მეთოდი, ლაბორატორიული მეცადინეობა, როლური თამაშები, სწავლება სიმულატორების გამოყენებით, სწავლება კეთებით (Learn by doing) და სხვა.
სწავლის შედეგები
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი:
- განსაზღვრავს კომპიუტერული მეცნიერებების ფუნდამენტური ცოდნის არეების ძირითად საკითხებს;
- აღწერს უშუალოდ კომპიუტერული მეცნიერებების და მისი გამოყენებით სხვა სფეროს პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებებს;
- განიხილავს კომპიუტერული მეცნიერებების ამოცანების/პროექტების განხორციელება-დანერგვასთან დაკავშირებულ ალგორითმებს და შეუსაბამებს სათანადო პროგრამულ საშუალებებს;
- კომპიუტერული მეცნიერებების სხვადასხვა ამოცანის/პროექტის შემუშავების/ განვითარების/დანერგვის პროცესში განსაზღვრავს და აკავშირებს დამკვეთისა და მომხმარებლის ინტერესებს;
- გეგმავს, ქმნის და აანალიზებს კომპიუტერულ მეცნიერებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს და დარგობრივ სტანდარტებს;
- შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში;
- პროფესიული საქმიანობისას, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების საფუძველზე
- შეუძლია გუნდური მუშაობა და მცირე გუნდის მართვა კომპიუტერული მეცნიერებების გადაწყვეტილებების შემუშავება-განვითარების პროცესში;
- განსაზღვრავს ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს, შეუძლია სწავლის შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელება და გეგმავს საკუთარ განვითარებას პროფესიულ სფეროში.
პროგრამის ძირითადი ასპექტები
პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო ABET და ACM სტანდარტებისა და საქართველოს ICT დარგობრივი მახასიათებლის გათვალისწინებით.
პროგრამა გთავაზობთ:
- თანამედროვე სასწავლო მასალებზე დაფუძნებულ სასწავლო კურსებს: ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები, ტექ მეწარმეობა, გრაფიკული დიზაინი, კომპიუტერული ქსელები, ქსელური სისტემების მართვა, არასტრუქტურიზებული მონაცემთა ბაზები, მობილური აპლიკაციების შემუშავება, სისტემური პროგრამირება, მანქანური სწავლება, მონაცემთა ანალიზი, შესავალი კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ინჟინერია, IoT - ჭკვიანი სისტემები, UI/UX დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, DevOps და სხვა;
- პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას: გარდა კურსების დიდი ნაწილისა, რომელიც ითვალისწინებს პროექტების შესრულებას, სტუდენტი ასრულებს ორ დამოუკიდებელ პროექტს, სადაც გუნდთან ერთად შეიმუშავებს პროგრამულ პროდუქტს, რომელთა იდეების შექმნაში ჩართული იქნებიან პარტნიორი ორგანიზაციები: მოამზადებენ საპროექტო დოკუმენტაციას, ააგებენ მუშა პროტოტიპს, პრაქტიკაში გამოიყენებენ დარგში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას;
- სპეციალობის არჩევით მოდულებს: Angular, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ციფრული სიგნალების დამუშავება, თამაშების შექმნა, iOS პროგრამირება, ბუნებრივი ენის დამუშავება, პარალელური გამოთვლები, ჭკვიანი კონტრაქტები, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია, პროდუქტის დიზაინი, ღრუბლოვანი გამოთვლები, პროგრამირების ენა C#, მართვის საინფორმაციო სისტემები;
- ბიზნეს იდეის განვითარებისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას უნივერსიტეტში არსებული Start-up გარაჟის საშუალებით;
- პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირსა და მათი მხარდაჭერით ინდივიდუალური/ჯგუფური პროექტების განხორციელებას: აპლიკაციების შექმნა, IoT ტექნოლოგიების გამოყენებით სისტემების შექმნა; მცირე პროგრამული სისტემების შექმნა, სისტემების ინტერგრაცია და ტესტირება, მცირე და საშუალო ზომის ქსელის დაპროექტება და სხვა;
- ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებსა და სხვა;
- კვლევებში ჩართულობას;
- ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის პროექტებში მონაწილეობას.