ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ცოდნა და გამოუმუშაოს საჭირო უნარ-ჩვევები ანტრეპრენერობის, ლიდერობის, ბიზნესის ადმინისტრირების, სტრატეგიის შემუშავების, მარკეტინგის, ფინანსების და სხვა მიმართულებით; მოამზადოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კრეატიული აზროვნებისა და მუხტის მქონე გლობალურად კონკურენტუნარიანი ბაკალავრები, რომლებიც გაზრდიან ან გააფართოებენ საკუთარ ან სხვის ბიზნესს და შექმნიან დამატებით ღირებულებას, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის.
პროგრამა ხორციელდება სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ლექცია, ვერბალური, წერითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მეთოდები, სიტუაციური თამაშები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი, დისკუსია/დებატები, დემონსტრირების მეთოდი, ახსნა-განმარტებითი მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, გონებრივი იერიშის მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), პრაქტიკული მეცადინეობა, კვლევითი ხასიათის პროექტ(ებ)ში მონაწილეობა და სხვა.
პროგრამა გთავაზობთ:
- საგნების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის ისეთ საგნებს, როგორიცაა ანტრეპრენერობა, მიკრო/მაკრო ეკონომიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსები, პროექტების მართვა, ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და მდგრადობა, წარმატების ფსიქოლოგია, საჯარო გამოსვლის ტექნიკა, გუნდური ანტრეპრენერული პროგრამა, სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები, ინვესტიციების საფუძვლები, სოციალური მედია, მარკეტინგი, კონფლიქტის მართვის ფსიქოლოგია, დიზაინ აზროვნება, მეტყველება და და სხვა;
- სპეციალობის არჩევით მოდულებს ფინანსებში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, ანტრეპრენერობაში;
- ბიზნეს იდეის განვითარებისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას უნივერსიტეტში არსებული Start-up გარაჟის საშუალებით;
- პრაქტიკის გავლას წამყვან ორგანიზაციებში;
- ვორქშოფებს, თემატურ სემინარებს, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებსა და სხვა;
- კვლევებში ჩართულობას;
სწავლის შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს:
- შეაფასოს ბიზნესის შიდა და გარე გარემო, დასახოს შიდა ორგანიზაციული, ფინანსური და მარკეტინგული გეგმები სფეროში არსებული თეორიებისა და საუკეთესო პრაქტიკების ჭრილში;
- დაინახოს და გაანალიზოს ბიზნესისა და ეკონომიკის გამოწვევები და არსებული შესაძლებლობები;
- მოახდინოს ახალი იდეების გენერაცია, გადაწყვიტოს რეალური ბიზნეს ამოცანები; შექმნას, გაზარდოს და გააფართოოს საკუთარი ან სხვისი ბიზნესი;
- ეფექტურად ჩამოაყალიბოს და გადმოსცეს აზრი წერითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის კონტექსტის შესაფერისი ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ეფექტიანად იმუშაოს გუნდში: გამოავლინოს მოქნილობა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამუშაოს კეთილგონიერ დაგეგმვასა და გადანაწილებაში; მოახდინოს გავლენა გუნდის წევრებზე როგორც ლიდერმა და განივითაროს ემოციური ინტელექტი;
- ემპათიურად მიუდგეს გუნდის წევრების საჭიროებებს და დაეხმაროს მათ საერთო მიზნის მიღწევაში;
- პატივი სცეს სხვის აზრს; იაზროვნოს კრიტიკულად: არგუმენტირებისას გამოიყენოს ინფორმაცია, მონაცემები, ფაქტები და გადამოწმებული წყაროები, რეაგირებამდე მოახდინოს ფაქტების გადამოწმება;
- გაიაზროს ბიზნესის გლობალური და სოციალური კონტექსტი და იმოქმედოს ეთიკურად და მაღალი პასუხისმგებლობით;
ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით გააგრძელოს სწავლა ალტე უნივერსიტეტში მოქმედ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.